abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

მედეა და შელოცვის რიტუალი

მედეა და შელოცვის რიტუალი

სტატიის ავტორი: tikoroma

ბერძნული მითებით კოლხი მედეა ცნობილია, როგორც ჯადოქარი და მკურნალი. ხოლო მკვლევარები  მის მიერ ჩადენილ ყველა სასწაულს მიაკუთვნებენ სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებს, რაც მაშინ უცხო იყო ბერძნებისთვის და ამიტომ ჯადოქრობად ეჩვენებოდათო. მაგრამ მედეა მხოლოდ მკურნალი არ ყოფილა, უფრო მეტიც შეეძლო: “ქალღმერთმა ჰეკატემ შესანიშნავად ასწავლა ჯადოსნური წამლების შემზადება იმ ბალახთაგან, რომელთაც მიწა და ანკარა წყალი ზრდის, ამ სასწაულებრივი წამლებით გრძნეული ასული ადვილად აწყნარებს შმაგი ცეცხლის ალს, აჩერებს ხმაურით მორაკრაკე მდინარეებს და გზას უხლართავს ვარსკვლავებსა და წმინდა მთვარეს”. (აპოლონიოს როდოსელი, “არგონავტიკა”). ამ ცნობის მიხედვით მედეას შესაძლებლობები მედიცინის სფეროს სცილდება, თუმცა რიტუალის დეტალები ნაწარმოებში აღწერილი არ არის.

მედეა ასრულებს სხვადასხვა მაგიურ რიტუალებს,  მაგალითად, სანამ ჯადოსნური წამლის მოსამზადებლად ბალახს შეაგროვებდა, განბანვის რიტუალი შეასრულა: 

“შავი ტანსაცმლით მორთულმა მედეამ ამ მცენარის წვენი უკუნ ღამეში კასპიურ ნიჟარაში მოაგროვა ჯადოსნური მიზნებისათვის. სანამ ამას იზამდა, გრძნეულმა ქალწულმა შვიდგზის განიბანა სხეული დაუშრეტელ წყალში და შვიდგზის მოუწოდა ბავშვების აღმზრდელ ბრიმას (ჰეკატეს)”. (აპ.როდოსელი. არგონავტიკა).

მედეა იაზონს ასწავლის როგორ მოიგოს ქლღმერთ ჰეკატეს გული: “ზუსტად შუაღამეს დაელოდე და დაუშრეტელი მდინარის ტლღებში განიბანე. მერე კი, სხვებისგან განმარტოებით, შავი წამოსასხამით შებურვილმა მრგვალი ორმო ამოთხარე და შიგ დედალი ბატკანი დაკალი.” (აპ ოლონიოს როდოსელი, “არგონავტიკა”).

მედეა ჰეკატეს ტაძრის ქურუმია და ეს რიტუალები, ჩვეულებრივ, რელიგიურ მსახურებად აღიქმება. მაგრამ – შუაღამე, შავი ტანსაცმელი, მარტო მყოფობა და განბანვა მაგიური რიტუალებია. ჰეკატე კი სწორედ ჯადოქართა მფარველია. “ყოველ სულდგმულს ეშინია მისი, მხოლოდ ჯადოქრები დასტრიალებენ მთვარის შუქზე თავიანთ საშინელ ბალახ-ბულახებს და იმეორებენ შელოცვებს, რომელთაც შეუძლიათ ხსნაც და დაღუპვაც” (ა. გლოვანი).

 გვიანდელ შელოცვებშიც ხშირია ღმერთის, წმინდანების, სულების მოხმობა და მათი მეშვეობით ზემოქმედება დაავადებაზე, ან მფარველობის თხოვნა და ა.შ.  მაგ. XIV საუკუნის “ლოცვა თვალ-ყბისა და უჟმურისა”: სახელითა ღვთისათა მამისა და ძისა და სულისა წმიდისათა. გამოიზავა შავი კლდე, გამოვიდა შავი კაცი, შავით შეკმაზილი იყო: შავი ჯაჭვი ეცვა, შავსა ცხენსა იჯდა, კბილსა მოიხჭენდა, თვალსა მოაკაკაჩებდა, მიჭუნდრუკიბდა. შეემოხვდა მიქელ გაბრიელ მთავარანგელოზნი, {ჰ}კითხეს: საით წახვალ, შავო კაცო? რქვა მან: რას მკითხავ, მივალ საქრისტიანოს კაცის ხორცის საჭმელად, სისხლის სასმელად. – არ გაგიშვებ მამან ძემან და სულმა წმინდამან. ჩაგაგდებ ქვაბსა რვალისასა. შეგინთებ ცეცხლსა წუმ{წუმ}ისასა, ღმერთო, განკურნე და მოეხმარე მხევალსა ნენესა.”

ეს არ არის ქრისტიანული ლოცვა, თუმცა ქრისტიანობაშიც დაყოფილია ლოცვები თემატურად: ლოცვა ძილის წინ, ლოცვა ძილის შემდეგ, სადილის წინ ან სადილის შემდგომი და ა.შ. ლოცვები სხვადასხვა დაავადებების დროს…

მოყვანილი ნიმუში შელოცვის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ტექსტია და უფრო გვიანი ხანის ნიმუშებიც მრავლადაა ჩაწერილი. მაგ. ნათვალევის შელოცვა, 1971 წელს ჩაწერილი სოფელ ფარცხანაყანებში, ვალოდია კოხრეიძისგან: “გასკდა შავი კლდე, გამევიდა შავი კაცი შავი ცხენით, შავი იარაღით, წავიდა შავსა ზღვასა, ჩაუყო შავი ხელი, ამოიღო შავი გველი, გადაკრა შავსა ქვასა, ისემც კვდება, ისემც გჯება შენი ავი თვალით შემხედვარე”…

საწმისის მცველი გველეშაპის გაუვნებელყოფის დროს, მედეა წამალს ასხურებს და თან შეულოცავს: “მედეამ ახლად მოჭრილ ღვიის შტოს ჯადოსნური სითხე წასცხო და ლოცვა-ლოცვით (ტექსტშია – სიმღერით) თვალებზე მოასხურა, წამლის სუნმა გველეშაპს ძლიერი ძილი მოჰგვარა”. (აპოლონიოს როდოსელი, “არგონავტიკა”).

შედარებისთვის საინტერესოა გველის მოჯადოების მიზნით მაგიური ფორმულის შესრულების რაჭული ტრადიცია: “როცა გველის დაჭერა გვინდოდა, ამბობს ატენელი ვერა ჯაფარიძე, დავინახავდით თუ არა, შევულოცავდით:

“კი-კი, კი-კი, კიბანახი, აჩანახი, ბაჩანახი, 

გველო, შენ გამორაკრაკდი,  თხილის ჯოხივით გაშეშდი.”

სიმღერად თქმული ეს შესალოცი გველს გააშეშებდა, დავიჭერდით და ნესტარს ამოვაცლიდითო”. (ს.რეხვიაშვილი).

“ქართული მაგიური პოეზიის” ავტორი ი.გაგულაშვილი საეჭვოდ მიიჩნევს შელოცვის სიმღერით შესრულებას, მაგრამ თავად აქვს მითითებული არგონავტიკის მოყვანილ ტექსტის ორიგინალში მედეა “სიმღერით” ასხურებს წამალსო.  ქართულ მაგიურ ტრადიციაში გვაქვს  ბატონების შელოცვა, რომელიც სიმღერით სრულდება  ე.ი. ამ ჩვეულებამ – გველისთვის სიმღერით შელოცვამ  მედეას დროიდან მოაღწია ჩვენამდე.

გვიანდელი წყაროების მიხედვით  შელოცვა ძირითადად ჩურჩულით სრულდება, ხმადაბლა და გაუგებრად, რაც თითქოს მეტ მაგიურ ძალას ანიჭებს მას. (ან იმისთვის, რომ სხვამაც არ გაიგოს და არ დაისწავლოს).

არგონავტების მითში მოქმედება ძვ.წ. აღ. XIII საუკუნეში ხდება, წერილობითი წყაროები კი გაცილებით გვიანდელია, (ძვ.წ. IV, III, II საუკუნეები), თანაც უცხოელი, ბერძენი ავტორების ძირითადად მხატვრული ნაწრამოებები. მითის მხატვრულად დამუშავებისას შესაძლოა ბევრი რამ შეცვლილიყო. მაგალითად, ა.გელოვანი წერს, რომ ჰეკატე ჰერას, ათინას, დემეტრეს დონის ქალღმერთია, გაიგივებული იყო არტემიდესთან და სელენესთან (მთვარის კულტი), მხოლოდ აპ. როდოსელის და სხვა ტრაგიკოსების მიერ მითის მხატვრულად დამუშავების შემდეგ, იგი “სიზმართა და მოჩვენებათა, ქვესკნელის სულთა და ბოროტ დემონთა ქალღმერთად” გადაიქცა.

რ.ცანავაც ამ საკითხს სვამს, მედეა მზის ღმერთის ჩამომავალია, წესით მზის ტაძრის ქურუმი უნდა იყოს, მაგრამ იგი ჰეკატეს ტაძრის ქურუმად გვევლინებაო. “ჰეკატესადმი მიმართული მსხვერპლშეწირვა და სხვა ქმედებანი სრულდება ღამით და ამ რიტუალში ფიგურირებს წმინდა რიცხვი – შვიდი. ორივე მომენტი – ღამით ვედრება, მსხვერპლშეწირვა და რიცხვი “7” მთვარის ღვთაების რიტუალში შემავალი კომპონენტებია”.

დიოდორე სიცილიელის “ისტორიულ ბიბლიოთეკა”: პელიასის დაღუპვის შემდგომ მედეამ “მოიმიზეზა, საჭიროა ჯერ აღთქმით მივმართო მთვარესო. ჩირადღნებით აღჭურვილი ქალიშვილები მან სასახლის ყველაზე უფრო მაღალ სახურავზე აიყვანა, თვითონ კი კოლხური ენით გრძელი ლოცვის წარმოთქმას შეუდგაო”.

თუნდაც ასე იყოს, მედეა მთვარის ქალღმერთის ქურუმი ყოფილიყო და ბერძენ ავტორებს მისი მაგიური თვისებების დასტურად და სიუჟეტის გასამძაფრებლად გამოეყვანათ ჰეკატე “ჯადოქართა” მფარველად, მედეას მიერ შესრულებული რიტუალები ეჭვის ქვეშ არ დგება. “დიოდორეს ცნობით, (ასევე აპ. როდოსელთან, ფსევდო-სკილაქს კარიანდელთან) მედეა შელოცვებისა  თუ წამლების მომზადების დროს, აგრეთვე ღვთაებისადმი მიმართულ ლოცვასაც კოლხურ ენაზე წარმოთქვამდა” (რ.ცანავა).  თუ ავტორებს სურვილი ექნებოდათ მედეას ბერძნულად ალოცვინებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, დაიცვეს მითის სიუჟეტი და საფიქრებელია, რომ მის მიერ შესრულებული რიტუალებიც შეუცვლელად გადმოიტანეს. მედეა ასწავლის იასონს, როგორ შესწიროს ჰეკატეს მსხვერპლი, მედეა ასწავლის ბერძენ ქალიშვილებს, როგორ მიმართონ მთვარეს. ასე რომ, ეს ყველაფერი უცხო ჩანს ბერძნებისთვის და მშობლიური მედეასთვის. ჰეკატეს ფუნქციაც ბერძენთა თვალში მედეას გავლენით უნდა შეცვლილიყო (და არა პირიქით), რათა გაემართლებინათ კოლხი ქალის მიერ ჩადენილი სასწაულები: მოხუცთა გაახალგაზრდავება, თმის ფერის შეცვლა, ნაოჭების გასწორება, შხამ-წამლების მომზადება, დრაკონშებმული ეტლით ფრენა და ა.შ.

Christian_Daniel_Rauch_-_Jason_und_Medea

ლიტერატურა:

  1. რ. ცანავა „მედეა და ქართული სამყარო“
  2. ი. გაგულაშვილი „ქართული მაგიური პოეზია“
  3. მ.შენგელია „ქართული მედიცინის ისტორია“
(Visited 4,824 times, 1 visits today)