abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

დაკარგული კონტინენტი – მუ

დაკარგული კონტინენტი  - მუ

ჯერი ფოსტერის მიხედვით

ავტორი tikoroma

ჯეიმს ჩარჩვორდის ვერსია:
1868 წელს პოლკოვნიკმა ჯეიმს ჩარჩვორდმა, რომელიც მაშინ ბრიტანეთის არმიაში ინდოეთში მსახურობდა, ადგილობრივი ბერი გაიცნო. მან ჯეიმსს აჩვენა თიხის დაფები უძველესი ჩანაწერებით – “ნააკალის ცხრილები”, რასაც მალავდნენ ტაძრის სარდაფები საუკუნეების განმავლობაში. ამ დაფებზე მათ ამოიკითხეს უძველესი დაკარგული კონტინენტის შესახებ, სადაც ჰყვაოდა პირველი დიდი ცივილიზაცია დედამიწაზე.

ჯეიმს ჩარჩვორდმა დაიწყო ამ ისტორიის შესწავლა და საბოლოოდ, 1926 წელს გამოსცა წიგნი “მუს დაკარგული კონტინენტი”. მასში გამოთქმულმა დასკვნებმა და თეორიებმა ბევრი კრიტიკა და დაცინვა დაიმსახურა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა წიგნი სერიოზულ მეცნიერულ ნაშრომად არც ჩათვალა. მას შემდეგ მეცნიერების განვითარებამ და ახალმა კვლევებმა მნიშვნელოვნად შეცვალა ადამიანთა წარმოდგენები, დაირღვა სხვადასხვა დოგმები და ჩარჩვორდის თეორიებიც დაკარგულ ცივილიზაციათა შესახებ, ჩვენს დროში, წარმოუდგენელი აღარ ჩანს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი მოსაზრებები შეუმოწმებლად მივიღოთ. წყნარ ოკეანეში მუს კონტინენტის არსებობის მტკიცება, ისევე როგორც ატლანტიკის ოკეანეში – ატლანტიდისა, შეუძლებელია საფუძვლიანი წყალქვეშა გამოკვლევებისა და გეოლოგიური ცოდნის გარეშე.

თუ გადავხედავთ წყნარი ოკეანის საზღვაო რუკებს და სქემებს, დავინახავთ, რომ ამ ტერიტორიამ კუნძულების ფორმირების რთული და ხანგრძლივი პროცესი გაიარა. წყნარი ოკეანის აუზი ვულკანების და მიწისძვრების თვალსაზრისით არასტაბილური რეგიონია, ამის გამო მას “ცეცხლის ბეჭედს” (რკალს) უწოდებენ. ტექტონური ფილების მოძრაობისა და ვულკანების შედეგად მუდმივად იცვლებოდა ზღვის ფსკერი და კალაპოტი, წარმოიქმნებოდა წყალქვეშა მთები, ღრმულები და რიფები. ამიტომ არც ისე ძნელი წარმოსადგენია, რომ ერთ დროს იქ არსებული კუნძულების ჯაჭვი ზღვის დონიდან უფრო მაღლა ყოფილიყო და ხმელეთს წყნარი ოკეანის ტერიტორიის ნახევარი, ან ორ მესამედი დაეკავებინა.

ამ ძიებების წყურვილი ჩარჩვორდში გამოიწვია ინდური ტაძრის მოხუცმა ბერმა, რომელიც უძველესი ნააკალის წმინდა საძმოს წევრი უნდა ყოფილიყო. იგი 2 წლის განმავლობაში ასწავლიდა ჯეიმსს, როგორ გაეშიფრა წარწერები ბარელიეფზე ამოტვიფრული სიმბოლოების მეშვეობით. ეს თიხის დაფები ჩაწერილი უნდა ყოფილიყო ან ბირმაში (მიანმარის რესპუბლიკა) ან თავად ნააკალის სკოლის ქურუმების მიერ. ეს იყო გადარჩენილი ნაწილი უზარმაზარი კოლექციისა, რაც სავარაუდოდ ინახებოდა რიშის შვიდ ქალაქში, სადაც იყო სასწავლო ცენტრები ძველ ინდოეთში რამას მმართველობის დროს. რამდენიმე თვის კვლევის შემდეგ ჩარჩვორდმა შეძლო ტექსტის გაშიფრვა და ამოიკითხა ცნობები დედამიწის შექმნისა და ადამიანთა წარმოშობის შესახებ. გააანალიზა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ დაფებს, სადაც კაცობრიობის უცნობი ისტორია იყო მოთხრობილი. მეგობარი ბერის სარეკომენდაციო წერილით აღჭურვილი ჩარჩვორდი ბირმაში გაემგაზვრა, რათა უფრო მეტი დაფა მოეძებნა. მაგრამ ბუდისტმა ბერებმა უარი განუცხადეს დახმარებაზე: “დაბრუნდით ინდოეთში და ჰკითხეთ იმ ქურდებს, რომლებმაც მოგვპარეს ეს დაფები და თქვენ გაჩვენეს!”.

მაშინ ჩარჩვორდმა გადაწყვიტა შეესწავლა უძველესი ცივილიზაციები, შეედარებინა მათი ლეგენდები თიხის დაფებზე წაკითხულთან. კვლევებით დაადგინა, რომ დაკარგული კონტინენტი უნდა არსებულიყო ჰავაის სამხრეთით ფიჯისა და აღდგომის კუნძულებამდე. ამ მშვენიერ, უხვ მიწაზე წარმოიშვა პირველი ადამიანები, აქედან გაიფანტნენ დედამიწაზე, შემდეგ კი ყველაფერი განადგურდა მიწისძვრის შედეგად 12 ათასი წლის წინათ, გაუჩინარდა ცეცხლისა და წყლის მორევში.
ჩარჩვორდმა ნააკალის დაფებზე ამოიკითხა ადამიანის შექმნის შესახებ, რომელიც ძლიერ ჰგავს ბიბლიურ “შესაქმეში” აღწერილს: შეიქმნა კაცი ხატად და მსგავსად უფლისა და მიეცა ძალი განაგოს წესრიგი დედამიწაზე. თუმცა მცირე სხვაობა ადამის ისტორიასთან მაინც არის: “როცა ნარაიანამ, შვიდმა მთავარმა ინტელექტმა, ყოვლის შემოქმედმა ამ სამყაროში, შექმნა ადამიანი, დაამკვიდრა მასში ცოცხალი მარადიული სული და ადამიანი გახდა ნარაიანას მსგავსად ინტელექტუალური ძალა.”
მოსაზრება “შვიდ მთავარ ინტელექტზე” (რასაც გამოსახავდნენ გიგანტური, შვიდთავიანი კობრას სახით), ძალიან ჰგავს “გამოცხადებაში” აღწერილ შვიდთავიან მხეცს, რომელიც ზღვიდან ამოდის, მიუხედავად იმისა, რომ იგი გამოსახულია შვიდთავიან, ლეოპარდის მსგავს არსებად (იოანეს გამოცხადება, თავი 12.13.). ჩარჩვორდის ვერსიით სამყარო შვიდი ბრძანების შედეგად დროის შვიდ პერიოდში შეიქმნა და არა “6 დღეში”, როგორც ბიბლიაში წერია.

4-3510_1_6

19ef197e6697თავის თეორიებს ჩარჩვორდი, პირველ რიგში, ნააკალის დაფების ჩანაწერების საფუძველზე აგებს, ამას გარდა ეყრდნობა მაიას ტომის, ძველ ეგვიპტურ და ინდურ წყაროებს, რომლებიც გადმოგვცემენ ხმელეთის განადგურების მსგავს ისტორიას: დედამიწის ქერქი დაირღვა მიწისძვრების შედეგად და ჩაიძირა ცეცხლოვან უფსკრულში. ბოლოს წყნარი ოკეანის ტალღებმა დაფარა მიწა, სადაც უძველესი ცივილიზაცია არსებობდა.
ჩარჩვორდი წერს, რომ მუს არსებობას უამრავი უძველესი ჩანაწერი ადასტურებს. მაგალითად, “რამაიანას” ეპოსში, რომელსაც მოგვითხრობს რიშის ტაძრის უმაღლესი ქურუმი, ნახსენებია ნააკალის დაარსება: “მოვიდნენ ბირმაში აღმოსავლეთიდან, თავიანთი დაბადების ადგილიდან”, აქ წყნარი ოკეანიდან მოსული ხალხი იგულისხმება. მაიას წიგნში, “ტროანოს მანუსკრიპტში” საუბარია ხმელეთზე სახელად “მუ”, სადაც იყენებდნენ იმავე სიმბოლოებს, რაც ნაპოვნია ეგვიპტეში, ინდოეთსა და ბირმაში. ასევე მუს შესახებ ცნობები გვხვდება ტიბეტურ წიგნში ლჰასაში, ძველ ეგვიპტურ, ბერძნულ წყაროებში, მექსიკასა და ცენტრალური ამერიკაში შემორჩენილ წარწერებში. გარდა ამისა წყნარი ოკეანის აუზის კუნძულებზე ნაპოვნი უძველეს ნაგებობათა ნაშთები გვიდასტურებენ იქ მაღალი კულტურის მატარებელი ხალხების არსებობას.

მზის იმპერია
მუს ქვეყანაში ჰყავდათ იმპერატორი, ვინც ატარებდა ტიტულს “რა მუ”, ხოლო მათი საერთო ღვთაება მოიხსენიებოდა როგორც “რა”. ეს იყო უხილავი ღმერთი, რომლის სახელსაც, ებრაელთა მსგავსად, არ ახსენებდნენ, მხოლოდ სიმბოლოთი გამოხატავდნენ. ეს სიმბოლო იყო “რა – მზე”. მღვდელმთავარი და იმპერატორი “რა მუ” იყვნენ ღვთაების წარმომადგენლები ადამიანებს შორის და წყვეტდნენ ყველა რელიგიურ საკითხს. მუს მოსახლეობაში თეთრი რასა დომინანტი ჯგუფი იყო და სამღვდელოების და არისტოკრატთა კლასს შეადგენდნენ. ამ ინფორმაციის წყაროდ ჩარჩვორდს ლჰასას ჩანაწერები მოჰყავს. ამავე წყაროს მიხედვით ასახელებს მუს შვიდ ქალაქს, სადაც იყო განათლების, მეცნიერული და რელიგიური ცენტრები. ეს ძალიან წააგავს გადმოცემას ინდოეთში რამას მმართველობის დროინდელ 7 რიში ქალაქზე. საინტერესოა სახელთა მსგავსებაც “რა მუ” და “რამა” და, რა თქმა უნდა, მათთან კავშირშია ეგვიპტელთა მზის ღმერთი – “რა”. ლჰასას ჩანაწერებით ირკვევა, რომ მუს კოლონიები მთელს მსოფლიოში იყო გაფანტული. როგორც ჩანს, ქვეყანა სხვადასხვა რასების მსხვილი დასახლებებისაგან შედგებოდა. შავკანიანთა დიდმა ნაწილმა მუ დატოვა და ახალი სამშობლო აფრიკაში იპოვნა. საფიქრებელია, რომ მათ გზად გაიარეს ამაზონის ზღვა, რომელიც ავსებდა მდინარე ამაზონის მიდამოებს, დღევანდელი ჯუნგლების ტერიტორიას. საფიქრებელია, რომ მათ გაჭრეს არხი პერუს დასავლეთ სანაპიროზე ატლანტიკის ოკეანეზე გასასვლელად. ეს არ არის დაუსაბუთებელი ვარაუდი, ტბა ტიტიკაკას მიდამოებში, რომელიც ახლა ზღვის დონიდან 13 ათას ფუტზე მდებარეობს, შემორჩენილია ადამიანის მიერ გაყვანილი არხი, რომელიც წყნარ ოკეანეს უერთდება. შეუძლებელია, ის ადამიანამდე, მთათა წარმოქმნის დროს, გეოლოგიურ ერაში გაჩენილიყო.

სხვადასხვა მიზეზის გამო ხალხთა ჯგუფები მასობრივად ტოვებდა მუს, ახალ ადგილას სახლდებოდა და ქმნიდა ახალ ერებს მზის იმპერიის იურისდიქციის გარეთ. სავარაუდოდ, ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი დასახლდა ჩრდილოეთ ამერიკაში და მათგან წარმოიშვნენ წითელკანიანი ინდიელები. მეცნიერები აჭარბებენ, როცა თვლიან რომ მონღოლოიდები ბერინგის გავლით მივიდნენ ამერიკასა და ალასკაზე. უფრო სარწმუნოა, რომ მკვიდრი ამერიკელები სულაც არ არიან მონღოლოიდები.

საბოლოო განადგურებამდე საუკუნეებით ადრე მუს სამხრეთ რეგიონს თავს დაატყდა ძლიერი მიწისძვრა, ვულკანის ამოფრქვევა და დატბორვა, თუმცა ქვეყანამ უბედურებას გაუძლო და დანგრეული ქალაქებიც აღსდგა. ამჯერად კი დასასრული ეწვიათ. უძველესი ჩანაწერი მექსიკაში, ტროანოს მანუსკრიპტი, გვიამბობს მუს განადგურების შესახებ: მთელს კონტინენტზე მოულოდნელად ძლიერად იძრა მიწა და აღიმართა ოკეანის ტალღები.მიწა კანკალებდა და ირყეოდა, როგორც ხის ფოთლებს არხევს ქარიშხალი. ტაძრები და სასახლეები გრიალით დაასკდა მიწას და ქვეშ მოიყოლა ძეგლები და ქანდაკებები. ქალაქები ნანგრევებად იქცა. აფეთქებამ ცეცხლში გახვია ყველაფერი, სამი მილის დიამეტრის მქონე საშინელი ღრუბლები ადიოდა ცეცხლის ალიდან. შემდეგ წერია, რომ მუს კონტინენტი სქელი, შავი კვამლით დაიფარა და ჯოჯოხეთს დაესმგავსა. მოქცევის უზარმაზარმა ტალღებმა საბოლოოდ გაანადგურა ყველაფერი. აგონიაში მყოფი ხალხი ბნელ ჰორიზონტზე წითლად მბჟუტავ მზეს უიმედოდ შესთხოვდა: ”მუ, გვიხსენი!” იმ საზარელ ღამეს, ძლიერი ელვისა და ჭექა-ქუხილის თანხლებით, განწირული მიწა ჩაიძირა ცეცხლოვან უფსკრულში. კონტინენტთან ერთად დაიღუპა მასზე მცხოვრები 64 მილიონი ადამიანი.
გადარჩენილები კი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – თავშესაფრის, ტანსაცმლის, ხელსაწყოების და რაც მთავარია, საკვების გარეშე. მათ დიდი ნაბიჯი გადადგეს უკან – სიბნელისაკენ და გაველურებისაკენ, რადგან თავის გადასარჩენად კანიბალიზმს მიმართეს. ეს იყო კაცობრიობის ყველაზე დაბალი საფეხური, რაც ათასწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა წყნარი ოკეანის აუზის ტერიტორიებზე.

მიუხედავად იმისა, რომ მუს კონტინენტი სრულიად განადგურდა, მათი კულტურა გადარჩა და გაგრძელდა სხვადასხვა კოლონიებში, რომლებმაც დამოუკიდებლად განაგრძეს არსებობა. პირველ რიგში ეს უნდა ყოფილიყო ატლანტიდაზე, შემდეგ კი ინდოეთის, ჩინეთის, ამერიკის, ეგვიპტის, და ბოლოს საბერძნეთისა და რომის ტერიტორიებზე. მათ შემოინახეს და განავრცეს მზის ქვეყნის სულიერი თუ მატერიალური ცოდნის ნაწილი. ახლა კი თანმედროვე ადამიანი თავიდან აღმოაჩენს და სწავლობს იმ გამოგონებებს და მიღწევებს, რაც მაშინ მუსა და ატლანტიდის მკვიდრებს გააჩნდათ.

ტროანოს მანუსკრიპტი

0c6fc9bab5d6

(Visited 1,339 times, 1 visits today)