abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ევროპოცენტრიზმი გუშინ და დღეს

ევროპოცენტრიზმი გუშინ და დღეს

სტატიის ავტორი Narilla

ყოველთვის მიჩნდებოდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო ასეთი დიდი სწრაფვა დასავლეთისა და ყოველივე დასავლურის მიმართ; რატომ არსებობდა ასეთი ძლიერი დამოკიდებულება უფრო დასავლური, ვიდრე აღმოსავლური სამყაროს მიმართ? რატომ იყო ორიენტაცია აღებული ე.წ. „დასავლური ღირებულებებისადმი“? ამ კითხვებს ნეიტრალური პასუხები ვერ გაეცი და ვერც გაეცემოდა!

კითხვებმა საბოლოოდ პროტესტის ფარული გრძნობა წარმოშვეს მას შემდეგ, რაც პასუხები გახდა ჩემთვის ცნობილი. აღნიშნული მოვლენა ევროპოცენტრიზმის სახელწოდებითაა ცნობილი და მთელს ევროპულ კულტურას გასდევს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სპეციფიკურ მახასიათებლად. უფრო რთულად კი საქმე ეხებოდა აღმოსავლური სულიერი და მატერიალური კულტურის სრულ იგნორს. მხოლოდ მცირე დოზით ჟონავდა ამა თუ იმ აღმოსავლური ქვეყნების სულიერი კულტურის სიმდიდრე ევროპაში და ამდენად, ძალიან ცოტა რამ თუ ხდებოდა დასავლეთისათვის ცნობილი. ამიტომ სრული წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ ვითარდებოდა  და რა მიღწევები ჰქონდა აღმოსავლეთს, თითქმის არ არსებობდა, ან თუ იყო რაღაც წარმოდგენები, ისიც ძალზე ბუნდოვანი და ხშირ შემთხვევაში _ არასწორი.

ევროპოცენტრიზმი კულტურაში არსებული იდეოლოგიური კონცეფციაა, რომლის თანახმადაც, მეცნიერების, ფილოსოფიის, ლიტერატურის და ა.შ. ნამდვილი ღირებულების შექმნა და განვითარება ხდება მხოლოდ ევროპაში. ევროპა თავისი სულიერი და მატერიალური კულტურის ამა თუ იმ სფეროთი მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრს წარმოადგენს; ის წარმართავს და განსაზღვრავს ყოველიმე ფასეულს ამ სამყაროში და მან წამყვანი როლი ითამაშა, როგორც წარსული კულტურის შექმნაში, ისე თანამედროვე ცივილიზაციის  შემდგომი განვითარების თვალსაზრისით.

ევროპოცენტრიზმის სათავეები შეიძლება დავინახოთ ბერძნულ-რომაული ცივილიზაციის იმ არსებით მახასიათებელში, რომელიც გამოვლინდა „ბარბაროსებისადმი“ დამოკიდებულებაში.

ძველ საბერძნეთში დასავლეთისა და აღმოსავლეთის გამიჯვნა ნიშნავდა “ბარბაროსისა” და “ელინის”, როგორც ველურისა და ცივილიზებულის დაპირისპირებას. ასეთ დაყოფას მკაფიოდ გამოხატული ფასეულობრივი დატვირთვა ჰქონდა. ბარბაროსული საწყისი უარყოფილი იყო, ელინური კი – განდიდებული, რაც ტრადიციად ჩამოყალიბდა და შემდგომი პერიოდის ევროპას მემკვიდრეობით გადაეცა.

ადრე შუასაუკუნეებში, როდესაც ევროპის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირები დანარჩენ გარესამყაროსთან სუსტი და ზედაპირული იყო, აღმოსავლეთი აღიქმებოდა როგორც შორეული და ეგზოტიკური სამყარო.

შუა საუკუნეებში ევროპოცენტრიზმი დამახასიათებელი იყო კათოლიციზმის იდეოლოგიისათვის, რომელიც რომსა და პაპობას მიიჩნევდა დედამიწის სულიერ ცენტრად.

ევროპოცენტრისტულ შეხედულებები ევროპულ ცნობიერებაში საუკუნეების მანძილზე ფიქსირდება. ჯვაროსნული ლაშქრობები, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, ახალი მიწების ათვისება და კოლონიური სისტემის ჩამოყალიბება – ეს, ფაქტობრივად, ისტორიულ ფაქტებში განხორციელებული ევროპოცენტრისტული შეხედულებებია, რომლის მიხედვით ევროპა, თავისი ისტორიით, პოლიტიკით, რელიგიით, კულტურითა და ხელოვნებით, წარმოადგენს ერთადერთსა და უდაო ფასეულობას, რომელიც უპირისპირდება აღმოსავლური სამყაროს “უმართებულობასა” და “განუვითარებლობას”.

განმანათლებლობის ეპოქაში, როდესაც გამყარდა შეხედულება ისტორიაზე, როგორც სწორხაზოვან პროცესსზე, პროგრესი განიხილებოდა როგორც ევროპული ცივილიზაციის თანდათანობითი შეღწევა მსოფლიოს ყველა რეგიონში.

ადრებურჟუაზიულ ევროპოცენტრიზმს, შუასაუკუნეეობრივი იდეოლოგიის მსგავსად, ასევე ჰქონდა რელიგიური წანამძღვრები და ხშირად მისი სახელით ნიღბავდა ევროპის კაპიტალისტური ქვეყნების კოლონიურ მისწრაფებებს სხვადასხვა ქვეყანასა, თუ კონტინენტზე.

ევროპოცენტრიზმის იდეები დამახასიათებელია გ. ჰეგელის ფილოსოფიისათვის, რომელიც პრუსიის იმპერიას წარმოგვიდგენდა თავისუფლებისა და ჭეშმარიტები კულტურის მატარებლად.

აგრეთვე ფრანგი ისტორიკოსის ჟ. მიშლეს შეხედულებებიც ამის გამოხატულებას წარმოადგენს, რომელიც უარყოფდა საერთოდ არაევროპულ კულტურას და ა.შ.

ევროპოცენტრიზმის იდეამ გარკვეული გარდატეხა განიცადა შპენგლერისა და ტოინბის თეორიებში, რომლებიც უარყოფდნენ ავტონომიურ კულტურებს შორის მემკვიდრეობითობასა და კავშირების სესაძლებლობას.

ევროპოცენტრიზმის კონცეფცია ასრულებს იდეოლოგიურ ფუნქციას „ევროპული“ ცივილიზაციის დასაცავად, ცხოვრების ბურჟუაზიაული წესის აპოლოგეტიზაციას, ნეოკოლონიალიზმის გამართლების ფუნქციას.

ამ კონცეფციაზე თავისებური რეაქცია იყო ე.წ. „აღმოსავლეთცენტრიზმი“, რომელიც ამტკიცებს ევროპული კულტურის ნასესხებ, არაშემოქმედებით ხასიათს. „ნეგრიტუდის“ თეორია _ ზანგური კულტურის უპირატესობათა შესახებ, რომელიც აფროცენტრიზმს წარმოადგენს და ა.შ.

ევროპის წამყვანი მოაზროვნეების გარკვეული ნაწილი, განმანათლებლებიდან მოყოლებული, უარყოფითად ეკიდებოდნენ ევროპოცენტრიზმს, რაც ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტია იმისა, რომ ეს მოვლენა ანომალიასა და არაჯანსაღ კულტურულ პოზიციას წარმოადგენს. ისინი უფრო შორსაც მიდიოდნენ: აყენებდნენ ზოგადსაკაცობრიო და კულტურული ისტორიის ერთიანობის იდეას. მართალია, ეს უკვე გლობალიზაციის ელემენტების შემცველია და ამ შემთხვევაში უფრო მეტია, ვიდრე ევროპოცენტრიზმი, რადგან აყენებდა უფრო მეტ მოთხოვნებს.

თუ ჰერდერი აღმოსავლურ სამყაროს განიხილავდა პატრიარქული, იდილიური საწყისის განხორციელებად, ჰეგელი უკვე ცდილობდა დაესვა კითხვა, თუ რატომ დასცილდნენ აღმოსავლური ერები ადამიანურ საწყისებს და გარკვეულწილად, ასცდნენ ისტორიის მაგისტრალურ გზას. საზოგადოებრივი განვითარების ასეთი შეფასება შემდეგ “პროგრესისტულ” კონცეფციაში გადაიზარდა, მისთვის დამახასიათებელი წარმოდგენით მეცნიერებაზე (შემდეგ კი ტექნიკასა და ინფორმატიკაზე) როგორც ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის ოპტიმალურ საშუალებაზე.

დაბოლოს, ევროპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სასწავლო პროგრამებში, რომლის ობიექტია საკაცობრიო ფილოსოფიური აზრის განვითარება, საუბარია არისტოტელეზე, თომა აკვინელზე, იმანუელ კანტზე, კარლ მარქსზე და სხვა დასავლელ მოღვაწეებზე. მაგრამ, ფაქტობრივად, უგულვებელყოფილია კონფუცის, ბუდას  მემკვიდრეობა. სასწავლო პროგრამით, იგივე აღმოსავლელი ფილოსოფოსები და მოაზროვნეების მემკვიდრეობა გათვალისწინებული არაა, ან თუ აქვს დათმობილი გარკვეული ადგილი აღნიშნულ საკითხებს, მხოლოდ ზედაპირულად, რაც გამოწვეულია მათი არასათანადო და ხშირ შემთხვევაში სუბიექტური შეფასებით. ესეც ევროპოცენტრიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოხატულებაა.

(Visited 805 times, 1 visits today)