abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ვინ არიან ზღაპრული მზეთუნახავები?

ვინ არიან ზღაპრული მზეთუნახავები?

ავტორი: tikoroma
ვინ არიან ჩვენი უახლოესი წინაპრები, რომელთაგანაც ვისმენდით ზღაპრებსა და მითებს? ესენი იყვნენ მონადირე და მიწათმოქმედი ხალხი, რომლებმაც ეს უძველესი გადმოცემები თავიანთ ხედვას და ცხოვრების წესს მოარგეს.

აი, მაგალითი „ამირანიანის“ გურული ვერსიიდან:
“წევიდა ამირანმა ბიბლიოთეკაში და წეიკითხა გაზეთი. გაზეთში წერია: “აღმოსავლეთის ხენწიფეს ყავს ერთი მზისუნახავი ცხრა კლიტულში დაკლიტული. გარშემო ჯარი უდგანა, რომ ვინმემ არ შევიდეს და არ გამეიყვანოს მზისუნახავი”.

შემდგომში ჩვენი შვილები ასე მოყვებიან: დაგუგლა ამირანმა და იპოვა ყამარის პროფილი ფეისბუქზე…

მოკლედ, დროთა განმავლობაში ძაალიან შეცვლილ ტექსტებში ჩვენ ნამცეც-ნამცეც გვიწევს ინფორმაციის ამოკრება, თუ რის შესახებ გვიყვებოდნენ ტექსტების თავდაპირველი ვერსიები…

მოდით, გავიგოთ ვინ იყვნენ მზეთუნახავები.
დღეს სიტყვა „მზეთუნახავი“ ძირითადად „ულამაზესის“ მნიშვნელობით გამოიყენება, იგი შესაძლოა ნებისმიერი მეფის ასულისა თუ გმირის სასურველი ქალის მისამართით გამოვიყენოთ. ხოლო თუ სიღრმისეულად გამოვიკვლევთ, დავინახავთ რომ მზეთუნახავი გარკვეული თვისებებით გამოირჩევა ხოლმე და შესაძლოა ადამიანის შვილი არც იყოს.

დავიწყოთ:
1. ინფორმაცია მზეთუნახავის შესახებ გასაიდუმლოებულია. მისი არსებობას გმირს უმალავენ.
მაგ. ა) წყაროზე კოკას უტეხავს დედაბერს, რომელიც დასწყევლის, დაე, ცხრამთასა და ზღვას იქით მცხოვრები მზეთუნახავი ქალის სიყვარული ჩაგვარდნოდეს გულშიო.
ბ) მეფე სასახლეში ტოვებს თავის ვაჟს და უკრძალავს რომელიმე ოთახის გაღებას. ვაჟი ამ აკრძალვას არღვევს, ოთახში მზეთუნახავის სურათს პოულობს და უყვარდება.
გ) მამა უკრძალავს შვილს ტყის განსაზღვრულ მხარეში ნადირობას, შვილი ამ აკრძალვას არღვევს, ტყეში ტბაში მობანავე მზეთუნახავ ქალს მოჰკრავს თვალს და უყვარდება.

2. მზეთუნახავი (მზისუნახავი, ზისნახე) პირდაპირ ნიშნავს – მზის უნახავს, ქალს, რომელიც დღისით-მზისით გარეთ არასდროს გამოსულა.
მაგ. გურგენ მეფის ასული – სახელად მნათობი. ოქროს ხომალდის მოსვლა მზის ამოსვლას დაემთხვევა, ხომალდი ბრწყინავდა ხალხი გააოგნა ორი მზის ნახვამ. მნათობმაც მოისურვა ამ სანახაობის ხილვა. მეფემ უთხრა: „-რას ამბობ, შვილო, შენ ჯერ მზეს არ უნახიხარ და ერთდროულად ორი მზე გაგაშავებსო“.

3. მზეთუნახავი მანათობელი არსებაა.
მაგ. ა) „- ის რა არის, რომ ანათებს ზღვაშიო?
– ეგ ოქროს სახლი არის, შით ხელმწიფის ქალი ცხოვრობს მზეთუნახავი, მრავალკეცი საბურველი აქვს პირზე ჩამოფარებული, მაგრამ მაინც ეგრე ანათებს მისი სილამაზე მთლად მიდამოსო. – უპასუხა დედაბერმა.“
ბ) თორმეტი დევის დის სინათლე თორმეტი მთისა და თორმეტი ზღვის იქიდან უწვავს სახეს ზღაპრის გმირს. შემდეგ ქალის საძებრად მიმავალი ვაჟი მის სინათლეს მიჰყვება.

4. მზეთუნახავი წარმატება მოაქვს ვაჟისთვის, ან ასაჩუქრებს მას:
ა) ერთ შემთხვევაში მზეთუნახავი ვაჟს ოქროსქოჩრიანი ვაჟით, ან ქალ-ვაჟით ასაჩუქრებს, ან ნახევრად ვერცხლი-ნახევრად ოქროს ბიჭუნათი.
ბ) მზეთუნახავი აძლევს ვაჟს გრძნეულ ნივთებს: ნატვრის ბეჭედს, სუფრას და სხვ.
გ) მზეთუნახავი ასწავლის ვაჟს, როგორ დააღწიოს თავი სიძნელეებს. ასწავლის უფსკრულიდან ამოსვლის გზას, დევის ან ბოროტი ხელმწიფისგან თავის დაღწევის გზას და ა.შ.

5. მზეთუნახავი მაქციაა – მაგ. ა) იგი ტბაზე საბანაოდ ფრინველის სახით მოდის. ფრთებს მოიძრობს, ქალად იქცევა და ტბაში შედის.
ბ) მზეთუნახავი ცხადდება ბაყაყის სახით, ტყავს გაიძრობს, ქალად იქცევა, სახლს ალაგებს და ისევ ტყავით იმოსება.
გ) მზეთუნახავი გადაიქცევა თევზად, კვიპაროსად, ნაფოტად და მისგან გამოთლილ სავარცხელშიც კი შეიძლება ჩასახლდეს.

6. მზეთუნახავები ღუპავენ მათი ხელის მაძიებელ ვაჟებს.
ხშირად მისი სამყოფელის, კოშკის ან ტბის ირგვლივ დახოცილი ვაჟების ძვლები ყრია, ან გაქვავებული ვაჟებითაა მიდამო სავსე. მას, ვინც ვერ გაივლის გამოცდას, ან დამარცხდება მზეთუნახავის მცველი არსების დევისა თუ გველეშაპის მიერ, სიკვდილი ელის.

ნუთუ ასეთი თვისებებით ახასიათებდნენ ადამიანის შვილს?

რატომ ვახსენე ზემოთ მონადირეები? ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ღამეებს სახლიდან შორს, ტყესა თუ მთებში ატარებდნენ და უცნაური ამბები, რაც მათ გადახდებოდათ თავს, შემდეგ ხალხში მითებად ვრცელდებოდა. სწორედ მათ შემოგვინახეს წყლისა და ტყის მზეთუნახავების – დალების, ალების, ტყაშმაფების (ტყის მეფე), წყლის დედისა (წყარიში დიდა) და ქაჯების ხსოვნა.

და რა საერთო შეიძლება ჰქონოდათ მათ ზღაპრის მზეთუნახავთან?
1. ამ არსებების შიში და რიდი ჰქონდათ ხალხს. მათ სახელებს არ ახსენებნენ ხშირად. ხალხი მათ ეკრძალვოდა. შეხვედრის დროს ხმაც არ უნდა გაეცათ მათთვის, არ გამოლაპარაკებოდნენ, ძახილზე არ ეპასუხათ და ა.შ. მათთან საქმეს მხოლოდ გამორჩეული პიროვნებები იჭერდნენ – ძირითადად კარგი მონადირეები, სოფლის რჩეული ვაჟკაცები.

2. ტყაშმაფა (ტყის მეფე) ბნელ ღამეში ჩნდება (მზის უნახავია).
ასევე ქაჯი ქალი ძალიან ლამაზია და ღამეში ჩნდება თეთრი სამოსით. (ყველა ღამით მოსიარულე არსება შეიძლება მივიჩნიოთ მზეთუნახავად).

3. ტყაშმაფა მანათობელი არსებაა: „არაჩვეულებრივი სილამაზისაა, უმტვერო თოვლის მსგავსი თეთრი ტანი აქვს“; „ელვასებრ ანათებს ღამის წყვდიადს თავისი სხეულის შუქმფენარობით“. ქალი ქაჯები ლამაზები არიან, ღამეში თეთრი სამოსით ჩნდებიან, მანათობელი სხეული აქვთ.

4. დალი ასაჩუქრებს მონადირეს ჯიხვებით, შუნებით, წარმატებული ნადირობით, ან სასიყვარულო ურთიერთობით, დალი – ვაჟითაც.
„სვანები ასახელებენ პირებს, რომელთაც დალი სწყალობდა: სუმაშერების ისმას, დისელ ლევანს, ნუაშერების ნუას, სიხაოშერების მაკუს… ამ უკანასკნელს ხალხში გამოუჩენია დალის ნაჩუქარი რიდე…“
ტყაშმაფა ასაჩუქრებს ვაჟს: ან ფულით, ან ნადირობის იღბალით, ან ჯანმრთელობის ბედით.
ქალი-ქაჯები სილამზით გამოირჩევიან, ადამიანებთან სასიყვარულო ურთიერთობებს ამყარებენ, ხშირად უბედურებისაგან იხსნიან მათ, მიყვებიან ცოლად გმირებს.
ქაჯეთიდან მოსულ სამძივარს დოვლათი შეაქვს საქმროს ოჯახში, მაგრამ თუკი გაუგეს რომ ადამიანი კი არა, ქაჯის ქალი სამძიმარი ჰყავთ რძლად, ოჯახს ტოვებს.

5. დალი, ტყაშმაფა მაქციები არიან. ადამიანს ცხოველის ან ფრინველის სახით ეცხადებიან: ირმის, ჯიხვის, შუნის და ა.შ.

6. ხალხს ახსოვს მითიური არსებებისგან დასჯილი უამრავი გმირი. დალი ღუპავს მონადირეებს, ვინც უღალატებს, ან სასიყვარულო კავშირზე ისაუბრებს. ტყაშმაფა უბრალოდ აგიჟებს შემხვედრ ვაჟებს, თუ ხმას გასცემენ, ან არ დაეთანხმებიან სასიყვარულო ურთიერთობაზე, ან გაახმაურებენ ამ ამბავს. გარკვეული დროის შემდეგ ჭკუაზეშეშლილი ადამიანი ვეღარ გამოკეთდება, კვდება.

ცხადია, რთულია ზღაპრულ მზეთუნახავში ქაჯები, დალები და მათი მსგავსი სხვა მითური არსება ამოიცნო. ამას თავისი მიზეზები აქვს. ადამიანთა წარმოდგენაში ზღაპარი გამოგონილი სიუჟეტია, მას ისმენდნენ გართობის მიზნით, ლხინისას, ნადიმობისას, როგორც თავისშესაქცევ ან ჭკუისასწავლ ისტორიას.

ზღაპრისგან განსხვავებით, მითებში მოთხრობილი ამბების რწმენა განსაზღვრავდა ადამიანის ყოფას. მათი ყოველდღიური ცხოვრება დაგეგმილი იყო ამ რწმენის მიხედვით – იგი ასრულებდა რიტუალებს, სწირავდა მსხვერპლს, იცავდა ტაბუს, ელოდა ჯილოდს ან დასჯას. ეშინოდა და მუდმივად ცდილობდა ამ არსებათაგან შორს დაეჭირა თავი, რომ რაიმე საქციელით მათი რისხვა არ დემსახურებინა.

ამიტომაც მზეთუნახავები, რომელთა გამო ხშირად უამრავი ვაჟკაცი დაღუპულა ზღაპრებში, მაინც სასურველ ქალებად რჩებიან; ხოლო მათი მითიური ანალოგები – დალები, წყლისა და ტყის სულები, რომელთაც ასევე უამრავი ვაჟკაცი დაუღუპავთ, კლდეზე გადაუჩეხიათ, წყალში დაუხრჩვიათ თუ გაუგიჟებიათ, საშიშ არსებებად დარჩა ხალხის ხსოვნაში.

აქვე წამოვწევ ერთ საკითხსაც, რომელიც ხალხში დამკვირებულ რიტუალებსა და ტრადიციებს ეხება. ხშირად მათი თავდაპირველი მნიშვნელობა დაკარგულია და ხალხი უშინაარსოდ იმეორებს მოქმედებას.

მაგალითად, ისევ კოშკებში გამოკეტილ მზეთუნახავებს მივუბრუნდეთ. ზღაპრებში ხშირად ისინი მოწყვეტილნი არიან გარემო სამყაროსა და თავიანთი სურვილის წინააღმდეგ ატარებენ სიცოცხლის ნაწილს ბროლის, ოქროს, ცაში ჩამოკიდებულ თუ წყლისქვეშა კოშკებსა და სასახლეებში.

მოგვიანებით გავრცელებულ გადმოცემებში, ასეთ იზოლირებაში იზრდებიან მეფის ვაჟებიც. მაგ. ზღაპარში „შახმეილი“ ამის გამო უფლისწული კომიკურ სიტუაციაშიც კი ვარდება. იგი ძიძასთან ცალკე ოთახში იზრდებოდა. ერთხელ ძიძამ ბავშვს ძვლიანი საჭმელი მოუტანა. ბიჭი გაბრაზდა და კედელს მოუქნია ძვალი. კედელი დაინგრა და ოთახში შემოვარდა მზის სხივი. იქვე ხმალი ეკიდა და ძირს ხალიჩები იყო დაგებული. ჩამოიღო ვაჟმა ხმალი და დაუწყო ბრძოლა მზის სხივს, რომელიც არასოდეს ენახა.
ინგლისელმა ანთროპოლოგმა და ფოლკორისტმა ფრეიზერმა თავის ნაშრომში “ოქროს ტოტი”, აღწერა მეფეთა და უმაღლეს სასულიერო პირთა ოჯახები, რომელთა შვილებიც მკაცრი კოდექსების მიხედვით იზრდებოდნენ, მათ აკრძალული ჰქონდათ სასახლიდან გასვლა, მათი შეხედვა არავის შეეძლო. ასე ხდებოდა ჩინეთსა და იაპონიაში მე-19 საუკუნემდე. ფრეიზერმა აღწერა სხვადასხვა ხალხთა ჩვეულება, რომლის მიხედვით მეფემ არ უნდა აჩვენოს სახეს მზეს, ამიტომ მუდმივ სიბნელეში იმყოფება. ასევე მეფე არ უნდა შეხებოდა მიწას. აქედან გამომდინარე, იგი ბინადრობდა ამაღლებულ ადგილას, კოშკში. მისი სახე არ უნდა ენახა ადამიანს, ამიტომ იგი სრულიად მარტო იყო და მასთან ურთიერთობდნენ ფარდის მეშვეობით, საკვებს ფანჯრიდან აწვდიდნენ და ა.შ.

ფრეიზერი ცდილობდა ეს მოვლენა აეხსნა. მისი აზრით, ბუნების ჯადოსნური ძალა მიეწერება მეფეს ან სხვა ლიდერს, ამიტომ ხალხის კეთილდღეობა დამოკიდებულია მის კეთილდღეობაზე. აქედან გამომდინარე, ხალხი მეფის დაცვით იცავდა საერთო კეთილდღეობას. ფრეიზერი მაგალითებს ასახელებს: ბენიგებს მეფე გაფეტიშებული ჰყავთ, მას ქვეშევრდომები იცავენ, რათა არასდროს დატოვოს თავისი სასახლე; მეფე ლუგანო გამოკეტილია თავის სასახლეში; ასევე ეთიოპიის მეფეები თავიანთ სასახლეებში იყვნენ ჩაკეტილნი და ა.შ. თუ ეს მეფეები სასახლეს დატოვებდნენ, ქვად იქცეოდნენ…

მეკი ვფიქრობ, რომ ეს ტრადიცია გადმოტანილია სხვათა წაბაძვის შედეგად, როგორც სჩვევია ხოლმე ხალხს. მაგალითად, არსებობდა რწმენა გრძელთავიანთა პრივილეგირებულ კასტაზე და ხალხიც ხელოვნურად იცვლიდა თავის ქალის ფორმას.

ასე რომ, ჩემი აზრით მზეთუნახავად თავდაპირველად არაადამიანურ არსებას მოიხსენიებდნენ, რომელთან კავშირიც ადამიანისთვის იყო გამოცდაც და ჯილდოც. თუ რა სახის არსება იყო ეს, (მსგავსებს ეზოთერულ ლიტერატურაში მოკავშირეებად მოიხსენიებენ), ახლა რთულია თქმა და მნიშვნელოვანიც არაა, რადგან ჩვენ მათთან დაკავშირებას სულაც არ ვაპირებთ.

/ექსკლუზიურად ფეისბუქ-ჯგუფ SHUKRA-სთვის/

(Visited 911 times, 1 visits today)