abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

პრანის გამოვლინება შვიდ სხეულში (ნაწილი II)

პრანის გამოვლინება შვიდ სხეულში (ნაწილი II)

ოშო რაჯნიში

(გაგრძელება)

მესამე სხეული ასტრალურია. ისევე როგორც ზეგავლენაა ეთერულ სხეულში, ასტრალურ სხეულში მაგნეტიზმის ძალებია. მაგნეტიზმია მესამე სხეულის სუნთქვა. ერთ მომენტში თქვენ ძლიერი ხართ, მეორეში კი სუსტი. ერთ მომენტში იმედებით სავსე ხართ, მეორეში კი უიმედოდ ხართ. ერთში თავდაჯერებული ხართ, მეორეში კარგავთ საკუთარი თავის რწმენას. ესაა თქვენში მაგნეტიზმის შესვლა და გამოსვლა. არის მომენტები, როცა გგონიათ რომ ღმერთის დამარცხებასაც კი შეძლებთ, და არის მომენტები, როცა ჩრდილისაც კი გეშინიათ. როცა მაგნეტიზმის ძალა თქვენშია, როცა იგი თქვენში შემოდის, მაშინ დიდებული ადამიანი ხართ, როცა იგი წავიდა, არავინ ხართ. და ეს წინ და უკან მონაცვლეობს ზუსტად ისევე, როგორც დღე და ღამე. წრე ბრუნავს, ამიტომ ისეთ დიად ადამიანსაც კი, როგორიც ნაპოლეონი იყო, ჰქონდა უძლურების მომენტები, და ძალიან მხდალ ადამიანსაც კი აქვს სიმამაცის გაელვებები.

ძიუდოში არის ტექნიკა იმის გამოცნობისთვის, თუ როდისაა ადამიანი უძლური. ესაა ხელსაყრელი დრო მასზე თავდასხმისთვის. როცა იგი ძალებით სავსეა, აუცილებლად დაგამარცხებთ, ამიტომ უნდა ამოიცნოთ მომენტი, როცა მისი მაგნეტური ძალა მიდის და ამ დროს დაესხათ თავს. ასევე უნდა აიძულოთ თავს დაგესხათ მაშინ, როცა თქვენში შემოდის მეგნეტიზმის ძალა. ძალის შესვლა და გამოსვლა თქვენს სუნთქვას შეესაბამება. აი, რატომაა, რომ როცა რაღაც რთული გაქვთ გასაკეთებელი, სუნთქვას იკავებთ.

მაგალითად, როცა მძიმე ქვა გაქვთ ასაწევი, თქვენ ვერ ასწევთ მას ამოსუნთქვის დროს. მაგრამ როცა ჩაისუნთქავთ, ან სუნთქვას შეიკავებთ ჩასუნთქვის შემდეგ, შეძლებთ ამის გაკეთებას. შესაბამისად როცა მოწინააღმდეგე ამოისუნთქავს, თუ ის ნავარჯიშევი არაა, რომ მოგატყუოთ, ეს ის მომენტია, როცა მისგან მაგნეტური ძალა მიდის. ესაა საუკეთესო მომენტი თავდასხმისთვის. ამაშია ძიუდოს საიდუმლო. შეგიძლიათ თქვენზე ძლიერი მეტოქეც კი დაამარცხოთ, თუ იცით როდისაა იგი შეშინებული და უძლური. როცა მაგნეტური ძალა გამოვიდა მისგან, ის აუცილებლად უძლური იქნება.
მესამე სხეული მაგნეტიზმის ატმოსფეროში ცხოვრობს, ისე როგორც ჰაერში. გარშემო მის ირგვლივ ყველგან მაგნეტური ძალებია. თქვენ ჩაისუნთქავთ და ამოისუნთქავთ მათ. მაგრამ თუ დაიწყეთ ამ ძალების ჭვრეტა, თუ როგორ შემოდის და გადის იგი თქვენში, მაშინ არც ძლიერი ხართ და არც უძლური. თქვენ ამაღლდით ერთზეც და მეორეზეც.

მაშინ აღმოაჩენთ მეოთხე სხეულს – მენტალურ სხეულს, რომელშიც შედის და გამოდის აზრი. მაგრამ ამ შესვლა-გამოსვლასაც შესაბამისობა გააჩნია. როცა ჩასუნთქვის დროს მოგდით აზრი, ამ დროს იბადება ორიგინალური აზროვნება, როცა ამოისუნთქავთ, ეს უძლურების მომენტია. ამ დროს არანაირი ორიგინალური აზრი არ იბადება. ორიგინალური აზრის დაბადების დროს სუნთქვა ჩერდება. ეს შესაბამისობის გამოვლენაა. არაფერი არ იბადება, როცა აზრი მიდის. ის უბრალოდ მკვდარია. მაგრამ თუ ჭვრეტას დაიწყებთ და გააცნობიერებთ აზრების ამ მოსვლა-წასვლას, მაშინ შეძლებთ მეხუთე სხეულის შეცნობას. მეოთხე სხეულის ჩათვლით ამ მოვლენების გაგება არაა რთული, რადგანაც გარკვეული გამოცდილება გაქვთ. მეოთხეს შემდეგ ყველაფერი ძალზე უცნაური ხდება. მაგრამ რაღაცის გაგება მაინც შეიძლება, ხოლო როცა ამაღლდებით მეოთხე სხეულზე, მაშინ ამას კიდევ უფრო უკეთ გაიგებთ.
მეხუთე სხეულისთვის თავად სიცოცხლე წარმოადგენს ატმოსფეროს. ასე რომ მეხუთე სხეულში შესვლა სიცოცხლის წამია, ხოლო გამოსვლა – სიკვდილის. მეხუთე სხეულის გაგებით თქვენ გააცნობიერებთ, რომ სიცოცხლე არაა რაღაც თქვენში არსებული მოვლენა. ის უბრალოდ შემოდის და გადის, ზუსტად ისევე როგორც სუნთქვა. აი რატომ გახდა სუნთქვა და პრანა სინონიმები. ეს მეხუთე სხეულის დამსახურებაა. ამ სხეულში სიტყვა პრანა აზრს იძენს. ეს სიცოცხლეა: შემავალი და გამომავალი. ამიტომაც სიკვდილის შიში გამუდმებით თან დაგყვებათ. თქვენ უბრალოდ აცნობიერებთ, რომ სიკვდილი ახლოსაა, კუთხეში გელოდებათ, ყოველთვის აქაა. სიკვდილის, უმწეობის, სიბნელის შეგრძნება დაკავშირებულია მეხუთე სხეულთან. ეს ძალიან ბნელი და იდუმალი შეგრძნებაა, რადგანაც ბოლომდე ვერ აცნობიერებთ მას. როცა მეხუთე სხეულს მიუახლოვდით და მისი არსებობა გააცნობიერეთ, მაშინ იცით, რომ სიცოცხლე და სიკვდილი მხოლოდ მეხუთე სხეულის სუნთქვაა. ამის გაცნობიერების შედეგად კი ხვდებით, რომ შეუძლებელია მოკვდეთ, რადგანაც სიკვდილი არ წარმოადგენს თქვენთვის დამახასიათებელ ფენომენს, და ასევეა სიცოცხლეც. სიცოცხლეც და სიკვდილიც გარეგნული მოვლენებია, რომლებიც გემართებათ. თქვენ არასოდეს ყოფილხართ ცოცხლები და არასოდეს ყოფილხართ მკვდრები. თქვენ ხართ რაღაც აღმატებული ერთზეც და მეორეზეც. მაგრამ ამ აღმატებულობის, ტრანსცენდენციის გრძნობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ მოვიდეს, როცა გააცნობიერეთ სიცოცხლის და სიკვდილის ძალების ქმედება მეხუთე სხეულში.
ფროიდმა თქვა სადღაც, რომ ერთხელ როგორღაც იგრძნო ეს. იგი არ იყო იოგას ადეპტი, წინააღმდეგ შემთხვევაშ გაიგებდა ამას. მან ამას სიკვდილის ნება დაარქვა და ამბობდა, რომ ყოველი ადამიანი ხანდახან სიცოცხლისკენ ისწრაფვის, ხანდახან კი სიკვდილისკენ. ადამიანში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ნებაა. ნება სიცოცხლისა და ნება სიკვდილისა. დასავლური ჭკუისთვის ეს სრულიად აბსურდული იყო. როგორ შეუძლია ამ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ნებას ერთ პიროვნებაში არსებობა? მაგრამ ფროიდი ამბობდა, რომ რამდენადაც არსებობს თვითმკვლელობა, უნდა არსებობდეს სიკვდილის ნებაც. არც ერთ ცხოველს არ ძალუძს თვითმკვლელობა, რადგანაც არც ერთს არ შეუძლია თავისი მეხუთე სხეულის გაცნობიერება. იმისთვის, რომ თვითმკვლელობა განხორციელდეს, აუცილებელია ადამიანი აცნობიერებდეს თავის სიცოცხლეს, ცხოველები კი ვერ აცნობიერებენ ამას. მაგრამ აუცილებელია კიდევ ერთი რამ. იმისთვის, რომ თვითმკვლელობა განახორციელოთ, თქვენ ასევე არ უნდა აცნობიერებდეთ სიკვდილის თანამყოფობას. ჩვენ შეგვიძლია თვითმკვლელობა, რადგანაც ვაცნობიერებთ სიცოცხლეს და ვერ ვაცნობიერებთ სიკვდილს. ბუდას არ შეუძლია თვითმკვლელობის ჩადენა, რადგანაც ეს უსარგებლოა, უაზრობაა. მან იცის, რომ სინამდვილეში საკუთარი თავის მოკვლა შეუძლებელია. შეგვიძლია მხოლოდ თავი მოვაჩვენოთ. თვითმკვლელობა ეს მხოლოდ პოზაა, რადგანაც სინამდვილეში არც ცოცხლები ხართ და არც მკვდრები.

სიკვდილი იმყოფება მეხუთე პლანზე, მეხუთე სხეულში. ეს გარკვეული ენერგიის გამოსვლაა. თქვენ ხართ ის, ვისშიც ხორციელდება ეს შესვლა და გამოსვლა. თუ თავი გააიგივეთ პირველთან, შეგიძლიათ ჩაიდინოთ მეორე. თუ თავი გააიგივეთ სიცოცხლესთან, თუ სიცოცხლე შეუძებელი გახდა, მაშინ შეგიძლიათ თქვათ: „მე თავს მოვიკლავ“. ეს მეორე ასპექტია თქვენი მეხუთე სხეულის თვითგამყარებისა. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ ეფიქროს თვითმკვლელობაზე. რადგანაც სიკვდილი სიცოცხლის მეორე მხარეა. ეს მეორე მხარე შესაძლოა ან თვითმკვლელობად იქცეს, ან მკვლელობად. თუ სიცოცხლით ხართ შეპყრობილი, თუ ისე ხართ მასზე მიჯაჭვული, რომ გინდათ სრულიად უკუაგდოთ სიკვდილი, მაშინ შეძლებთ, რომ სხვა მოკლათ. სხვისი მოკვლით დააკმაყოფილებთ თქვენი სიცოცხლის წყურვილს. და ამგვარად ფიქრობთ, რომ ამის მერე აღარ მოკვდებით, რადგანაც ვიღაც სხვა მოკვდა. ყველას, ვინც მრავალრიცხოვანი მკვლელობა ჩაიდინა: ჰიტლერს, მუსოლინის, ყველას ძალიან ეშინოდა სიკვდილის. ისინი სიკვდილის გამუდმებული შიშის ქვეშ იყვნენ, ამიტომ ამ სიკვდილის პროეცირებას სხვებზე ახდენდნენ. ადამიანი, რომელსაც სხვისი მოკვლა შეუძლია, გრძნობს, რომ სიკვდილზე ძლიერია. მაგიური ფორმულის თანახმად, იგი თვლის, რომ თუ მოკვლა შეუძლია, ე.ი. სიკვდილი გადალახა, და რასაც სხვებს უკეთებს, სხვები ვერ გაუკეთებენ მას. თუ იმდენი ხალხი დახოცეთ, რომ საბოლოოდ თავი მოიკალით, ეს ამ პროექციის თქვენთან დაბრუნებაა. მეხუთე სხეულში, სადაც თქვენთან სიცოცხლე და სიკვდილი მოდის, არ უნდა ვიყოთ მიჯაჭვული არც ერთზე, არავიზე. თუ მიჯაჭვული ხართ, თქვენ არ იღებთ ამ პოლარობას მთელი სისავსით და ავად ხდებით.
მეოთხე სხეულის ჩათვლით ეს არც ისე რთული გასაგები იყო. მაგრამ სიკვდილის შეცნობა და მისი, როგორც სიცოცხლის მეორე ასპექტის მიღება, ყველაზე ძნელია. სიცოცხლის და სიკვდილის, როგორც პარალელების, როგორც ერთი და იგივეს შეცნობა, ეს ყველაზე რთულია, მაგრამ ასეთია მეხუთე სხეულის პოლარობა. ესაა პრანის თვისება მეხუთე სხეულში.

მთარგმნელი Atman

osho-rajneesh

პრანის გამოვლინება შვიდ სხეულში (ნაწილი I)

პრანის გამოვლინება შვიდ სხეულში (ნაწილი III)

(Visited 622 times, 1 visits today)