abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ტოტემი და ადამიანი

ტოტემი და ადამიანი

ავტორი: tikoroma

ადამიანთა წარმოდგენაში ვინ არის ტოტემი და რა ევალება მას?
1. ტოტემს აქვს ნათესაური კავშირი ადამიანთან.
2. ტოტემი არის ადამიანის მფარველი და მასწaვლებელი.

ძველად გვარებად და ტომებად გაერთიანებულ ადამიანებს საერთო ტოტემური ცხოველი ჰყავდათ, დღეს კი არ შეიძლება ასე იყოს. თუმცა მე არ გადამიმოწმებია საგვარეულოების ასეთი კავშირები, მაინც შეუძლებლად მიმაჩნია; რადგან დღეს ადამიანები ინდივიდუალურად ვითარდებიან და ჯგუფური კავშირები მორღვეულია; თუმცა წესით ნათესაურ კავშირზე ამ ცვლილებას არ უნდა ჰქონოდა გავლენა.


პირველ რიგში, გავარკვიოთ ვინ იყო ტოტემი? ტოტემი იყო არსება, რომელსაც ხალხი თავის წინაპრად თვლიდა. მაგალითად, ავიღოთ ინდოელთა ტომი დელავარები, რომლებიც თავს ძუ დათვის შვილებად მიიჩნევდნენ (ჩემი ბავშვობის საყვარელი წიგნი – “დიდი ძუ დათვის ძენი” smile.gif)  შეიძლებოდა თუ არა დათვს ადამიანი ეშვა? ამის მაგალითები გვაქვს მითებსა და ზღაპრებში. თუმცა ეს არ გვჯერა და მოდით, სხვა ახსნა მოვძებნოთ.

ერთი თეორიით, დედამიწა სამყაროში არსებული გენეტიკური ფონდის საცავია. აქ მყოფ ყველა ფიზიკურ არსებას ჰყავს თავისი გენეტიკური ორეული სხვადასხვა პლანეტაზე. შეიძლება ასე მძაფრად არც არის საქმე, მაგრამ მაგალითები აქაც გვაქვს. გვსმენია სირიუსის ცივილიზაციაზე – იქ კატისებრთა მოდგმა ბინადრობს. აქვთ მათ რამე კავშირი დედამიწის ცხოველებთან? ვვარაუდობ, რომ ეს არსებები მართავენ სწორედ ცხოველთა კოლექტიურ ცნობიერს და აქვთ მათთან გარკვეული ინფორმაციული კავშირი. დავუშვათ, რომ ასეთი “სახეობათა მმართველი” არსებები მართლაც არსებობენ სადღაც, მაშინ სწორედ ისინი ყოფილან ადამიანთა მოკავშირე-ტოტემები. ეს ცოდნა დაკარგულია. თუ ადამიანი მიიჩნევს, რომ მისი ტოტემი ჩვეულებრივი დათვია – მაგ. საყვარლი კავკასიური მურა დათვი – ის ცდება. თუმცა შესაძლებლად მეჩვენება ამ სამყაროში სადღაც არსებობდეს დათვისებრთა რასა და ისინი ცხადდებოდნენ ადამიანთან ტოტემის ფუნქციით. ცხადია, ამ არსების გავლენით დედამიწელ დათვებსაც შეუძლიათ ადამიანისთვის გარკვეული ინფორმაციის გადაცემა, მაგრამ არა როგორც “მასწავლებლებს”, არამედ როგორც ინფორმაციის გამტარებს.

როგორ ენათესავება ადამიანს სხვა განზომილებაში მყოფი არსება? ერთი ვერსიით, სწორედაც რომ უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლების ხელი ურევია ადამიანთა შექმნაში. თუმცა ამ ვერსიას ვერ დავეთანხმები. ისევ ინდიელებს რომ დავუბრუნდეთ, ერთი და იგივე რასის ხალხს სხვადასხვა ტოტემი ჰყავდათ – დათვი, მგელი, არწივი და ა.შ. ასე რომ ბიოგენეტიკურ კავშირს (დნმ-ის დონეზე იხ.ცნობილი მითები ადამიანთა შექმნაზე) გამოვრიცხავ.

მიუხედავად იმისა, რომ ხალხს ეშინოდა და უფრთოხდა თავის ტოტემს, იგი მაინც სხვა არსებებზე მეტად მეგობრულად განწყობილი ჩანს ადამიანის მიმართ. ტოტემი მასწავლებელია, დამსაჩუქრებელია. ცხადია, უნდა დაიცვა რაღაც წესები, არ აწყენინო, განარისხო და ის შენი დამხმარე და მფარველი იქნება.

რა დაინტერესება აქვთ ამ არსებებს ადამიანის მიმართ?
1. იკვებებიან ადამიანის ენერგიით, რასაც იღებენ მათგან მსახურების დროს?
2. ცხოველები ინკარნირდებიან ადამიანებად და შემდეგ აქვს კავშირი თავის წინაცხოვრების გავლენით ტოტემთან, (ისევ ვგულისხმობ სახეობათა მმართველ მაღალგანვითარებულ არსებას სხვაგანზომილებიდან).
3. სულიერი ნათესაობა: ესაა სულის კავშირი თავის კოსმიურ წარმომავლობასთან, ცივილიზაციასთან, საიდანაც მან დაიწყო მოგზაურობა და მოხვდა დედამიწაზე.

შეიძლება ცოტ-ცოტა სიმართლე არის თითოეულ ამ ვერსიაში.
1. ტოტემს სჭირდება მსახურება, მსხვერპლშეწირვა, წესების დაცვა.
2. რამე გამართლება ხომ უნდა ჰქონდეს ცხოველთა (და ყველა სხვა ცოცხალი არსების) ყოფას ამქვეყნად.
3. არსებობს ეს თეორიაც. სული მოგზაურობს სამყაროებში, იბადება სხვადასხვა პლანეტებზე, სხვადასხვა არსებებად, ხოლო საიდან დაიწყო მან მოგზაურობა და რა გამოიარა დღემდე, არც კი ახსოვს. ეს ვარაუდი, ტოტემის წინაპრად მიჩნევასაც ამართლებს.

ისევ დავუბრუნდეთ იმ საკითხს, თუ რატომ აღარ ჰყავთ ხალხთა ჯგუფებს საერთო ტოტემი? პირველ რიგში, ეს ხალხთა ჯგუფები დაიშალა და ამიტომ. ტრადიციებზე დამოკიდებული ხალხის ჯგუფი ცხოვრობს თითქოს ჩაკეტილ წრეში და აძლიერებს ამ წრის ეგრეგორს. აქ უკვე წინაპლანზე ჩანს ეს ერთიანი ეგრეგორი და არა მისი შემადგენელი ადამიანები. მაგ, ქართველი ხალხი ავიღოთ: კალენდრით იყო გათვლილი თითეულ დღეს რა ექნათ: მარხვის დღე, უქმობის დღე, დღესასწაულის დღე, შრომის დღე. მთელი თვე განსაზღვრულია როდის რა უნდა აკეთო და ასე იქცევა მთელი სოფელი მთელი წელი, შემდეგ მეორე წელსაც იგივე, შემდეგ წელსაც იგივე… ყველა ერთად აღნიშნავდა ყველაფერს, ოჯახი ვერ გამოაკლდებოდა. შესაძლოა, ნატიფ პლანებზე სწორედაც რომ ერთი სოფელი, გვარი თუ ტომი ერთ კოლექტიურ არსებად აღიქმებოდნენ სხვა განზომილების არსებებისთვის (ვისთვისაც სრულდებოდა ეს მსახურება – მარხვა, უქმობა, ხსნილობა და ა.შ.). ცხადია, პიროვნებები რომლებიც გამოეყოფოდნენ ამ ერთიან ველს და ინდივიდუალურ კონტაქტს ამყარებდნენ ამ არსებებთან, იყვნენ კიდეც გმირები, ან ნიშნიანები, ან ნაწილიანები, ან ქადაგნი და ა.შ. მოკლედ ხალხის მასისგან გამორჩეული პირები.

ახლა გავიგოთ, რას ასწავლის ტოტემი?
ტოტემთან ურთიერთობა ხდება ნატიფ პლანებზე – სიზმარში, ასტრალში, ხილვაში, მედიტაციისას, ტრანსში…
როგორ ამოვიცნოთ იგი? ცხოველი (ფრინველი და ა.შ.) გვესაუბრება, მისი “ენა” გვესმის, გვასწავლის თავის მსგავსად ქცევას – ფრენას, ცურვას, სირბილის და ა.შ. და რაში სჭირდება ეს ადამიანს? ეს გამოცდილებაა. ეს ჩარჩოების დამსხვრევა, სამყაროს ახლებურად დანახვის და შემეცნების საშუალებაა. ეს ძალიან გამამხნევებელია და ენერგიით, ემოციით გავსებს. ეს იმდენად სასიამოვნო და სასარგებლოა, რომ ძნელია თქვა, რომ ეს რაღაც არსებაა, რომელიც ანგარებით გეხმარება.
თუმცა წამიკითხავს, რომ ასტრალური არსებები ასე იზიდავენ მსხვერპლებს, რაკი მათ სჭირდებათ მსხვერპლის თანხმობა, რათა მასზე გავლენა შეინარჩუნონ ხოლმე.
ამ საკითხს ღიად დავტოვებ.

განვაგრძობ იმით, რომ ტოტემისგან წვრთნა არ სრულდება ნატიფ პლანებზე და იგი ფიზიკურ სამყაროშიც გამოსადეგია. ამბობენ, რომ პრაქტიკების შედეგად რასაც ისწავლი ასტრალში, მატერიალურ სამყაროში გამეორებასაც შეძლებო. მე ეს გამოცდილება არ მაქვს.

სამაგიეროდ, მაქვს ამერიკელი მკვლევარის ჰარი რაიტის აფრიკულ რიტუალებზე მონათხრობი ისტორიები, რომლებიც ძალიან მიყვარს. ის ამბობს, რომ მათ ეს შეეძლოთ. მაგალითისთვის, მათ შეეძლოთ ლეოპარდად გადაქცევა.

რაიტმა იმოგზაურა აფრიკაში დაახლ. 1950-51 წლებში. დაესწრო რიტუალს დაგომეაში “ლეოპარდის ტაძარში”. იგი აღწერს სამი კვირის მანძილზე ტრანსში მყოფ ქალებს და შემდეგ რიტუალის დღეს დოლების თანხლებით გიჟურ ცეკვებს, კოცონს და მსხვერპლშეწირვას.
“ფეტიშის მთავარ ქურუმი უფრო ხმამაღლა ამღერდა. დოლიც ახალი ძალით ახმაურდა და აჩქარდა. უცებ ლამის თვალები შუბლზე მომექცა: იქვე, გოგონას უკან, მოციმციმე შუქის მიჯნაზე ცხოველის ჩრდილი დავლანდე. გაკვირვების გამოხატვა ვერც კი მოვასწარი, რომ ჩემს წინაშე მოზრდილი ღონიერი ლეოპარდი წამოიმართა. შესაძლოა, ეს ჩემი წარმოსახვა იყო. თუ ასეა, მაშასადამე, საკმაო წარმოსახვის უნარი მქონია, ვიდრე მეგონა. გოგონას უკან კიდევ ორი ლეოპარდი გამოჩნდა. მათ გრაციოზული დიდებულებით გადაჭრეს მოედანი და სამივე ხეთა ჩრდილებში გაქრა…
ენა ვეღარ მოვატრიალე. მე ვდუმდი. არ ვიცოდი დავინახე რამე თუ მასობრივი ჰიპნოზის გავლენას განვიცდიდი”… ჰარი რაიტი “გრძნეულების მოწმე”.

/ექსკლუზიურად ფეისბუქ-ჯგუფ SHUKRA-სთვის/

 

(Visited 2,599 times, 1 visits today)