abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ტრანსცენდენტული მედიტაცია

ტრანსცენდენტული მედიტაცია

 

ტრანსცენდენტული მედიტაცია – ესაა მედიტაციის ტექნიკა მანტრების გამოყენებით. მისი ათვისება და შესრულება ძალიან ადვილია. ესაა მარტივი, ბუნებრივი გონებრივი მეთოდი, რომელიც უნდა შევასრულოთ 20 წუთით ორჯერ დღეში (დილით და საღამოს) კომფორტულად მჯდომ, თვალებდახუჭულ მდგომარეობაში. ამ პრაქტიკის დროს ჩვეული გონებრივი პროცესი ნაკლებად აქტიური ხდება ან მშვიდდება და მიიღწევა “მშვიდი გაცნობიერებულობის” განსაკუთრებული ფსიქო-ფიზიოლოგიური მდგომარეობა. ტმ კარგად ხსნის სტრესს და ხელს უწყობს პიროვნების განვითარებას. მიუხედავად თავისი უბრალოებისა და სიმარტივისა, ტმ მაღალი სიზუსტით გამოირჩევა.

ტმ-ის ტექნიკა არ მოითხოვს ძალისხმევას და კონცენტრაციას, არაა დაკავშირებული ჭვრეტასთან, ჭკუის კონტროლთან ან ვიზუალიზაციასთან. ასევე არაა საჭირო ცხოვრების სტილის ან მსოფლმხედველობის შეცვლა. უკანასკნელი 50 წლის განმავლობაშ ტმ 5 მილიონამდე ადამიანმა შეისწავლა.

უკეთესი წარმოდგენა რომ შეგიქმნათ ტმ-ზე, მოვიყვან მონაკვეთს წიგნიდან “გზა შინისაკენ”, სადაც რადჰანათჰა სვამის შეხება ჰქონდა ამ სკოლის წარმომადგენლებთან:

მომდევნო დილით ფეხით გავუყევი განგის ნაპირს რიშიკეშის მეორე ბოლომდე. მთაზე ავედი და შანკარაჩარია ნაგარიმდე – მაჰარიში მაჰეშ იოგის აშრამამდე მივაღწიე. ბილიკებს, რომლებიც საუკუნოვან ხეებს, სურნელოვან ბუჩქებსა და აყვავებულ ლიანებს შორის მიიკლაკნებოდნენ, უბრალო სამედიტაციო ქოხებამდე მივყავდი. გზა განვაგრძე და მაღალ ციცაბოს მივადექი, საიდანაც განგის მხარეს უმშვენიერესი ხედი იშლებოდა. პირდაპირ ხრამის თავზე თავად მაჰარიშის უბრალო სახლი იდგა. შიგნით შევედი და აღმოვჩნდი ოთახში ყვავილებით მორთული საკურთხეველით, რომელზეც მაჰარიშის სულიერი მოძღვრის, ვეფხვის ტყავზე მჯდარი ბრაჰმანანდა სარასვატის ფოტო იდო. მას მაღალი შუბლი, თეთრი წვერი და უკან გადავარცხნილი გრძელი ჭაღარა თმა ჰქონდა. იგი ცნობილი იოგი იყო და პატივი ხვდა, რომ მანამდე საუკუნენახევრის განმავლობაში შანკარაჩარია აჯოტირმათჰის ცარიელი თანამდებობა დაეკავებინა. თანამედროვე რეალიებს თუ მივუსადაგებთ, ეს მდგომარეობა შეიძლება რომის პაპის მდგომარეობას შევადაროთ.

ყოველ დილას და საღამოს აშრამის მცხოვრებლები მაჰარიშის სახლში იკრიბებოდნენ, რათა მანტრები ეგალობათ და პუჯა ჩაეტარებინათ მისთვის, ბოლოს კი შეხვედრები ერთობლივი მედიტაციებით სრულდებოდა. მე მითხრეს, რომ თავად მაჰარიშის, სახლის სარდაფში ერჩივნა მედიტირება. მაჰარიშის რამდენიმე მოსწავლემ პატარა ბნელ კელიაში ჩამიყვანა მიწის ქვეშ. ეს გრილი და წყნარი კელია ჩემი საყვარელი მედიტაციის ადგილი გახდა. მასში არსებული სიმშვიდის ატმოსფერო სწრაფად მიპყრობდა და საშუალებას მაძლევდა ცხადად შემეგრძნო მაჰარიშის არსებობა.

მაჰარიში 1917 წელს ცენტრალურ ინდოეთში დაიბადა. მან ალაჰაბადის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა. ცამეტი წლის განმავლობაში თავის გურუს, ბრაჰმანანდა სარასვატის, ემსახურებოდა, როგორც მდივანი. სანამ ამ სამყაროს დატოვებდა, გურუმ უთხრა მაჰარიშის: “მე შენ სულიერი სრულყოფის ის მეთოდი გასწავლე, რომელიც მეოჯახე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. განვლილ საუკუნეებში ეს ცოდნა დაამახინჯეს და სრულიად დაივიწყეს. არ იღელვო იმაზე, თუ სად იშოვო სამოგზაურო ფული. არაფერზე იღელვო და ნუ შეგეშინდება მარტოობის. საქმეს შეუდექი და ყველაფერი თავისით გამოგივა”. ემზადებოდა რა თავისი მისიისთვის, მაჰარიში ორი წელი მარტოობაში მედიტირებდა უტარ-კაშის გამოქვაბულებში, 1955 წელს კი ტრანსცენდენტული მედიტაციის ტექნიკის სწავლება დაიწყო და რიშიკეშის მთებზე აშრამი დააარსა. 1957 წლიდან მაჰარიშიმ მთელ მსოფლიოში დაიწყო მოგზაურობა.

მაჰარიში მაჰეშ იოგი ასწავლიდა, რომ ტრანსცენდენტული მედიტაციის ვარჯიშები ჩვენს ცნობიერებას აფართოებს. ამ ტექნიკის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ჩავიძიროთ უფრო ნატიფ მდგომარეობაში, ვიდრე ღვიძილი, ძილი ან ღრმა ძილია. მაჰარიშის სწავლების თანახმად, მედიტირება – ნიშნავს ჭკუისა და ეგოს ნატიფი გავლენისაგან გამოსვლას. წმინდა ყოფიერების ამ განთავისუფლებულ მდგომარეობაში შეგვიძლია ჩვენი მარადიული სული შევიგრძნოთ. განსაკუთრებით კარგად მაჰარიშის იოგასა და თანამედროვე მეცნიერებას შორის შეხების წერტილების გამონახვა გამოსდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად მაჰარიში აშრამში არ იყო, აშრამის ატმოსფერომ შთაგონება გამიძლიერა და წავიკითხე მისი ორი წიგნი: “ყოფიერების მეცნიერება” და “ცხოვრების ხელოვნება”, ასევე “ბჰაგავად-გიტას” ექვსი თავის მისეული თარგმანი.

სანამ შანკარაჩარია ნაგარიში ვიმყოფებოდი, ყოველდღე მქონდა ურთიერთობა ავსტრალიელ სადჰუსთან სახელად ბევინი, რომელიც აშრამის წინამძღვარი და მაჰარიშის ერთ-ერთი უახლოესი მოსწავლე გახლდათ. ქოხში მივდიოდი ხოლმე მასთან, ერთად ვისმენდით მაგნიტოფონში მაჰარიშის ლექციების ჩანაწერებს და ერთად განვიხილავდით მათ. განსაკუთრებით ერთი ფრაგმენტი დამამახსოვრდა მისი ერთ-ერთი ლექციიდან, სადაც იგი დამახასიათებელი მაღალი ხმით და ცოტა სიცილითაც ამბობდა: “ჩვენ არ ვიძლევით ცარიელ დაპირებებს სიკვდილის შემდგომ სამოთხეზე. ჩვენ ვასწავლით იმას, თუ როგორ შევიგრძნოთ სამოთხიეული ნეტარება აქ, ამ ცხოვრებაში. ყველანი მოდით, ვისაც ამის გამოცდა გინდათ”.

თავად ტექნიკა მიგიზიდავდათ თავისი უბრალოებით და ადვილად მისაწვდომობით: მოთხოვნა იყო, რომ სულ რაღაც თხუთმეტი-ოცი წუთი დაგეხარჯათ იოლ მედიტაციაში დილით და საღამოს, ამასთან არ იყო აუცილებელი ცხოვრების სტილის ან რელიგიურ-ფილოსოფიური რწმენის შეცვლა. მაჰარიში ასწავლიდა, რომ ცხოვრების არსი ნეტარებაშია და რომ ჩვენ ნეტარნი ვართ ჩვენი თავდაპირველი ბუნებით. ტრანსცენდენტულ მედიტაციას შეუძლია ყოფიერების ამ ნეტარ მდგომარეობამდე მიგვიყვანოს, და იოლად გადართოს ჩვენი ბუნებრივი მიდრეკილება ღვთაებრივის ძიებისა, გარეგნული ობიექტებში ბედნიერების ძიებიდან, ბედნიერების წყაროს ჩვენსავე თავში ძიებამდე. მაჰარიში ამის შესახებ ამბობდა: “გინდა ხის ნაყოფებით დატკბე – მისი ფესვები მორწყე”.

ზამთარი იდგა, და აშრამში ცოტა ხალხი იყო. აქ თითქმის ერთადერთი უცხოელი ვიყავი, თუ ბევინს არ ჩავთვლიდით. მან მომიყვა, რომ რამდენიმე წლის წინ აქ “ბიტლები” ჩამოვიდნენ, ასევე დონოვანი და მია ფეროუ, თავის დასთან, პრუდენსთან ერთად. ისინი რაღაც დროის განმავლობაში აშრამში ცხოვრობდნენ და მაჰარიშისთან ჰქონდათ ურთიერთობა. ამის შემდეგ იოგასა და მედიტაციისადმი ინტერესის ტალღამ მთელს მსოფლიოს გადაუარა.

ამ წმინდა ტყეში მედიტაცია და მთის მწვერვალზე ძილი ჭეშმარიტად შეუფასებელი საჩუქარი იყო ჩემთვის. მაჰარიში მაჰეშ იოგი ძილში სამჯერ მოვიდა ჩემთან. იგი ფეხებგადაჯვარედინებული იჯდა და ხელში ყვავილი ეკავა. მისი გრძელი ჭაღარა თმა მისსავე თეთრ სამოსს ერწყმოდა. მრგვალი სახე რბილად განათებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მაჰარიში მაღალი არ იყო, ჩემს სიზმარში იგი გიგანტს ჰგავდა. რბილი და ამავდროულად გამჭოლი მზერით მარადიული სასუფეველის სამეფოში მიხმობდა. მაჰარიში არაფერს ამბობდა – უბრალოდ მიღიმოდა, შემდეგ კი თვალებს ხუჭავდა და ქრებოდა.

ავტორი: Atman

ოფიციალური საიტები:

http://www.tm.org
http://www.tm.org.ua/ru/index.html

ვიკიპედია:
http://ru.wikipedia.org/wiki/Трансц�…�дитация

(Visited 6,485 times, 2 visits today)