abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ცოდნის პარადოქსი

ცოდნის პარადოქსი

სტატიის ავტორი Narilla

ცოდნა ერთ-ერთი იმ არამატერიალურ შენაძენთაგანია, რომელიც ჩვენს სულიერ სამყაროს ამდიდრებს. უდავოა, რომ ის უდიდეს წარმმართველ როლს ასრულებს ადამიანის ყოფიერებაში. ის ანიჭებს ჩვენს ყოველ მოქმედებას გარკვეულ საზრისსა და მოტივს. ამიტომაცაა, რომ ცოდნა ადამიანის ადამიანურობის სპეციფიკური მახასითებელია, როგორც თავისთავად მოცემული ბუნებრივი ნიშანი. ადამიანის კლასიკური განმარტებაც ასწორედ ამაზე მეტყველებს – „ადამიანი გონიერი ცხოველია“.

ცოდნის პარადოქსი ისაა, რომ ადამიანი უდიდეს ენერგიასა და დროს ხარჯავს ცოდნის შეძენაზე, თან ის ყოველთვის მიისწრაფვის მოიპოვოს რაც შეიძლება მეტი ცოდნა. მაგრამ მისი ეს მიდრეკილება აბსოლუტური, სრულყოფილი ცოდნის მოპოვებისა, ყოველთვის ისჯებოდა. ამის უამრავი მაგალითია ცნობილი, დაწყებული მითოლოგიიდან და დამტავრებული ისტორიული ცნობებით. პრომეთემ ღმერთებისაგან მოპარული ცეცხლი ადამიანებს გადასცა, ასწავლა მისი მოხმარება და ხელოსნობა. სამაგიეროდ ზევსმა ადამიანებს წაართვა მომავლის ხედვის უნარი, საკუთარი ყოფიერების არსის წვდომის შესაძლებლობა, ხოლო პრომეთეს მარადიული სასჯელი განუწესა. ოიდიპოსი იყო ადამიანურ სიბრძნეს ნაზიარევი, რის გამოც შეძლო ამოეხსნა სფინქსის გამოცანა. მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა ადამიანური ყოფიერების საიდუმლოება, მისი ეს უპირატესობა ამპარტავნებაში გადაიზარდა. ამპარტავნება კი ყოველთვის ისჯებოდა ღმერთების მიერ; ოიდიპოსს განსაცდელი მოუვლინეს, რითაც, დაანახეს, რომ მან არათუ ის იცოდა, თუ ვინ არის ადამიანი, არამედ, არ იცოდა, თუ ვინ იყო თავად იგი. ამით შენარჩუნდა განსხვავება ადამიანურ და ღვთაებრივ ცოდნას შორის და რომ ერთის მიერ მეორის გაგება და მოპოვება სახიფათოა.

ბიბლიის მიხედვით კი ღმერთმა ადამი გააფრთხილა, რომ არ გაესინჯა ხე ცნობადი. მაგრამ ეს აკრძალვა დაირღვა, რის შედეგადაც ადამიანმა შეიძინა სიკეთისა და ბოროტების გარჩევის ცოდნა. ადამი სამოთხიდანაც გააძევა ღმერთმა და უკვდავებაც დაკარგა.

მითოლოგიაში არსებობს საკრალული ცოდნის მარადიული პრობლემა. ყველგან, სადაც ამ თემას ეხებიან, შედეგი ყოველთვის ერთია: აკრძალულ ცოდნასთან ზიარება ისჯება! ეს ერთგვარი ტაბუა, რომელიც დადებულია ადამიანსა და ღმერთს შორის იმის ნათელსაყოფად, რომ მათ შორის პრინციპული განსხვავება და გადაულახავი დისტანცია არსებობს. ადამიანს არა მხოლოდ არ აქვს საკრალურ ცოდნასთან ზიარების უფლება, არამედ არ აქვს არც იმის უნარი, იცოდეს ყველაფერი და რაც მთავარია, იყოს ჭეშმარიტები ცოდნის მფლობელი. მაგრამ მას აქვს ერთი შესაძლებლობა – მისწრაფება მოიპოვოს ცოდნა, ცოდნა, რომელსაც ექნება აბსოლუტური ჭეშმარიტების პრეტენზია. მაგრამ სიბრძნე ისეთივე სუბიექტური მონაპოვარია, როგორი სუბიექტურიც თავად ადამიანი შეიძლება იყოს. ამიტომ უყურებდნენ კრიტიკულად პირველი ფილოსოფოსები მათ წინამორბედ სოფისტებს: ფილოსოფოსები მხოლოდ „სიბრძნისმოყვარულობას“ (φιλοσοφία) ესწრაფვოდნენ, ხოლო სოფისტებს ჰქონდათ პრეტენზია, რომ ისინი უკვე იყვნენ გარკვეული სიბრძნის მატარებელნი და შესაბამისად – „ბრძენნი“ (σοφιστής).

ისტორიულად იცვლებოდა ჭეშმარიტი ცოდნის ნიშნები და ცოდნის როლი და დანიშნულება ადამიანის ცხოვრებაში. ჭეშმარიტი ცოდნის პირველ სახედ მიიჩნიეს მეტაფიზიკური ცოდნა. იგი იყო ადამიანური ყოფიერების წარმმართველი. შემდგომში ცოდნის პროტოტიპად იქცა თეორიული ცოდნა, რომელიც გვაძლევდა ცოდნას ობიექტური რეალობის შესახებ. მოდერნიზმის ეპოქა კი აცხადებდა, რომ მან იცოდა ჭეშმარიტი სინამდვილე თავისთავად. შემდგომ ცოდნის ჭეშმარიტ სახედ მიიჩნევდნენ ექსპერიმენტულ ცოდნას, ცოდნას, რომელსაც შეუძლია სინამდვილეზე ზემოქმედება და გარდაქმნა და მის თვითმიზანს არ წარმოადგენს რეალობის ასახვა, რადგან ის ისედაც მოგვეცემა ჩვენ შეგრძნებებში. ასეთი „ცოდნა ძალაა“ (ფრ. ბეკონი) – აქ იგულისხმებოდა მეცნიერული, დასაბუთებასა და ექსპერიმენტს დამყარებული ცოდნა. ეს იყო ცოდნის ახალი, არა სპეკულატიური, არამედ პრაგმატული გაგება. დღეს ჭეშმარიტი ცოდნის სახეა ინსტრუმენტალური ცოდნა. რეალურად, ის მართლაც იქცა ინსტრუმენტად ადამიანის ხელში. ამგვარი ცოდნის ჭეშმარიტების საზომია ის, თუ რამდენად ეხმარება ადამიანს პრაქტიკული მიზნების განხორციელებაში, ეფექტურობასა და ეკონომიკურ ზრდაში. ამავე ცოდნას შეუძლია გააკეთოს პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება ეფექტური აქ და ახლა. მომავალი, ცოდნის შეფასების თვალსაზრისით, სიახლეებს გვთავაზობს: იცვლება დამოკიდებულება ცოდნისადმი და იზრდება მისი მოცულობა (არსებობს იმდენი ინფორმაცია, რამდენიც აქამდე არასდროს ჰქონია კაცობრიობას), განსხვავებული გახდა ასევე ინფორმაციის მიღების გზები. ამ მხრივ კი ცოდნა ენერგიად იქცა, ადამიანი შეუძლია მიიღოს ინფორმაცია არა მხოლოდ ვერბალურად (წაკითხვით, მოსმენით და ა.შ.), არამედ ენერგიის დონეზეც.

ცოდნის კიდევ ერთი პარადოქსი ისაა, რომ ადამიანი დიდ დროს, ენერგიასა და სახსრებს ხარჯავს ცოდნის შესაძენად, მაგრამ ამდენი ძალისხმევის შედეგაც მოპოვებული „ცოდნა“ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შეიძლება დავიწყებულ იქნას. ხოლო თუ სიცოცხლეშივე არ დაავიწყდა, სიკვდილთან ერთად მაინც გაქრება. ყოველ ახალ თაობას კი ხელახლა მოუწევს დაიწყოს შემეცნების პროცესი და თავიდან აღმოაჩენს ამ „ცოდნას“, რომელიც უკვე მისი საკუთარი იქნება და არ ექნება ორგანული კავშირი მანამდე არსებულ ცოდნასთან.

ცოდნის გამოყენების არეალს რაც შეეხება, ეს კიდევ ერთი პრობლემაა; საქმე ის გახლავთ, რომ ცოდნა ადამიანის ხელში ერთნაირ გამოყენებას ვერ ჰპოვებს, სხვანაირად ვერც იქნება. მაგრამ არსებითი მომენტი ისაა, რომ ცოდნა შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა როგორც სასიკეთო იდეების განხორციელებისთვის, ისე შეიძლება ბოროტების სამსახურში ჩააყენოს. ამიტომ, ყოველი ახალი ცოდნა ადამიანის შინაგანი ბუნების გამოცდის საშუალებაცაა. მას შეუძლია აირჩიოს და ამის მიხედვით, გამოიყენოს თავისი ცოდნა. ერთი მხრივ, ადამიანი თავის ცოდნას გამოიყენებს იმისათვის, რომ შექმნას იდეალური სახელმწიფო, გამოიგონოს პერპეტუმ მობილე, განივითაროს ფარული უნარები და იყოს საზოგადოებისთვის კეთილდღეობის მომტანი სხვა პროექტების ავტორი; მეორე მხრივ, ადამიანის მეცნიერული ცოდნის შედეგია ატომური იარაღი, კლონირება, ეკოლოგიური პრობლემები და გარემოს დაბინძურება. ცოდნა თანამედროვე ცივილიზაციის ატრიბუტია, უიმისოდ პროგრესი წარმოუდგენელი, რადგან მისი საფუძველია, მაგრამ ამავე დროს, ის ქმნის პრობლემებსაც.

ამდენად, ადამიანი თავად ხდება საკუთარი ცოდნის წარმმართველი და ამ მხრივ, ცოდნის ზრდასთნ ერთად მას მეტი თავისუფლება ენიჭება.

(Visited 3,512 times, 1 visits today)