abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

გზა შინისაკენ

გზა შინისაკენ

ნაწილი პირველი

მოგზაურობა აღმოსავლეთში

თავი პირველი

მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი დენი მისი სახლის ცივ და ნესტიან სარდაფში, ჭრიალა კიბეებით ჩავდიოდით. მოულოდნელად გავიფიქრე: “ტყუილად მივდივარ იქ!”. გული გამალებით მიცემდა. სარდაფის შუაში რკინის კაუჭებზე შტანგა ეკიდა სხვადასხვა წონის გირებით. დენიმ დაიტრაბახა:
“მამა ყოველდღე სწევს ამას”

 

მე სულ რაღაც შვიდი წლის ვიყავი, გამხდარი, არც სიმაღლით გამოვირჩეოდი, მოკლე შავი თმით, მუქი ფერის კანით და ყავისფერი თვალებით. როცა უზარმაზარ შტანგას შევეხე, უსუსურად ვიგრძენი თავი.

დენი ჩემსკენ მობრუნდა, თითი ტუჩთან მიიდო და მიჩურჩულა:
“რიჩი, რაღაც მინდა გაჩვენო, ოღონდ არავის უთხრა, კარგი?”

თაროზე აძვრა და სადღაც დამალული ბრინჯაოსფერი გასაღები ჩამოიღო. შემდეგ ხის კარადასთან მიმიყვანა, რომელშიც ორივენი თავისუფლად დავეტეოდით, გასაღებით გაახსნა და ორივე კარი ფართოდ გამოაღო. დენიმ ჟურნალების დასტაზე მიმითითა.

“მიდი, – გამიღიმა მან, – ნახე”.

მე დათვალიერება დავიწყე. ჟურნალში შიშველი ქალების მრავალი ფოტო იყო შეუფერებელ პოზებში. ჩემი პატარა სხეული კანკალმა აიტანა. აქამდე არასოდეს მენახა, რა ჰქონდათ გოგონებს ტანსაცმლის მიღმა. მოულოდნელობისგან ავჩქარდი.

“ხო მაგარია?” – მკითხა დენიმ.

არ ვიცოდი რა მეპასუხა და მხოლოდ თავი დავუქნიე. ჟურნალი დავხურე და თავის ადგილზე დავდე.

“მოიცა, ჯერ არ გინახავს ყუთში რა დევს! – დენიმ ყუთი გამოსწია, ყუთში ორი პისტოლეტი და რამდენიმე ხელყუმბარა იდო. – მამა დატენილს ინახავს ამათ,

ყუმბარებიც ნაღდია”. დენიმ ერთი მე მომაწოდა:
“აჰა, გამომართვი”.

ხელში ცივი მეტალის სიმძიმე ვიგრძენი.

“ხო, კარგი რამეა”, – ჩავილაპარაკე მე. ვცდილობდი რა არ მენახვებინა ჩემი შიშI, ფრთხილად დავაბრუნე ხელყუმბარა ყუთში.

“მოიცა რიჩი, კიდევ რაღაცას გაჩვენებ!” – დენიმ კიდევ სხვა კარები გამოაღო კარადაში, მის მიღმა ერთგვარი საკურთხეველი იყო, რომელზეც ჩარჩოიანი ფოტო იდო. ფოტოდან გამჭოლად მიყურებდნენ ვიღაცის არც თუ კეთილი თვალები. შეძრულმა, გავაცნობიერე, რომ ადოლფ ჰიტლერის პირისპირ ვიდექი. ორივე მხრიდან ფოტო გაფორმებული იყო სახვევებით, რომლებზეც ნაცისტური სვასტიკა იყო გამოსახული. ქვემოთ კი მახვილი ეკიდა, მბრწყინავ სახელურზე სვასტიკით.

ჩემი გული შეიძრა, და ცნობიერებაში საშინელმა ხატ-სახეებმა გაირბინა. მე ხშირად მქონდა გაგებული უფროსებისგან, ნაცისტების მიერ ებრაელების მასიურ განადგურებაზე, რომლის დროსაც ჩვენი ნათესავები დაიღუპნენ. ეს მოგონებები ჯერ კიდევ საღი იყო. 1941 წლიდან, როცა ნაცისტებმა ჩვენი მშობლიური ლიტვა დაიპყრეს, ჩემი ბაბუის ოჯახისგან არანაირი ცნობა აღარ მიგვიღია.

დენიმ ჩამსისინა:
“ეს საიდუმლოა, მაგრამ ჩემი მშობლები ვერ გიტანენ”.

ცხელი ბურთი დამადგა ყელზე.

“რატომ? რა დავაშავე ასეთი?”

“იმიტომ რომ შენ ებრაელი ხარ. მშობლები თვლიან, რომ თქვენ მოკალით იესო.”

“რა?!” – მე გაოგნებული ვიდექი. ეს სიტყვები სრულ უაზრობად მეჩვენა.

“მამა თვლის, რომ ღმერთიც ვერ გიტანთ”.

უცებ დენის მშობლების მძიმე ნაბიჯების ხმასთან ერთად ჩვენს თავზე ჭერმა დაიჭრიალა. არ ვიცოდი რა მექნა: გავქცეულიყავი, დავმალულიყავი თუ მეტირა.
“დენი, შენც ვერ მიტან?”

“არა, შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. მაგრამ რადგანაც მაინც ებრაელი ხარ, ვინ იცის, შეიძლება ოდესმე მეც შემძულდე. თუმცა ეს სულაც არ მინდა.”
მეგონა, რომ სულ ცოტაც და გონებას დავკარგავდი.

დენიმ კარადა ჩაკეტა და ზემოთ, სამზარეულოში ამიყვანა, სადაც მისი დედა გველოდებოდა ვანილის ორი ნამცხვრიანი თეფშით და ცივი რძით სავსე ორი ჭიქით. მან ფართოდ გაწელილი პირით გამიღიმა. მალე დენის მამაც გამოჩნდა – მამაკაცი კვადრატული ყბებით, მოკლედ შეჭრილი ჭაღარა თმით, წვრილი ღრმადჩამჯდარი თვალებით და ყინულისმაგვარი ნახევარღიმილით. მის გვერდით ძალიან უმწეოდ ვიგრძენი თავი.

იქნებ ნამცხვარი მოწამლულია? – გავიფიქრე მე. მაგრამ რაღა დამრჩენოდა? შემეშინდა შემოთავაზებულ სასუსნავზე უარის თქმა.

“ჭამე რიჩი, რა გჭირს?” – ფიქრი შემაწყვეტინა დენის დედამ.

მე ჭამა დავიწყე და მთელი ძალით ვცდილობდი, რომ შიში არ დამენახვებინა. ყოველ მოკბეჩილ ლუკმასთან ერთად შევთხოვდი ღმერთს შემწეობას.

სახლში მოჩვენებასავით გაფითრებული დავბრუნდი. ჯერ კიდევ პატარა ბავშვი ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. მხოლოდ ერთს ვაცნობიერებდი – ძალიან დიდი ტკივილი მომაყენეს.

დედა ნაზი ღიმილით შემხვდა. როცა შევედი წინსაფრით იდგა და ცომს აბრტყელებდა სასადილო მაგიდაზე.

“ვაშლის შტრუდელს გიკეთებ რიჩი. შენს საყვარელს”.

“დე, – ვკითხე მე, – მართალია, რომ ღმერთი ვერ მიტანს?”

“რა თქმა უნდა არა! ღმერთს უყვარხარ, – მერე შუბლშეჭმუხნულმა მკითხა. – და რატომ მეკითხები ამას?”

ვერ გავბედე სიმართლე მეთქვა:

“არ ვიცი. უბრალოდ, საინტერესოა.”

დაკითხვისთვის რომ თავი ამერიდებინა, ჩემს საძინებელში გავიქეცი.

მე მჯეროდა დედაჩემის. ვიცოდი, რომ ღმერთს ვუყვარვარ. საწოლზე ვიწექი, ჭერს ვუყურებდი და მთელი ძალით ვცდილობდი გამეგო, როგორ შეიძლებოდა ერთ ღმერთში ორი შეუთავსებელი გრძნობა – სიყვარული და სიძულვილი არსებობდეს.

ბავშვური უშუალობით საიდუმლოდ ვლოცულობდი ღმერთისადმი – ფიქრით, ან ჩურჩულით. ჩვეულებრივ ამას ძილის წინ ვაკეთებდი, ლოგინში. ლოცვის დროს ვგრძნობდი, რომ ღმერთი მიცავდა. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ღმერთს ესმოდა ჩემი, და რომ ჩემთან იყო. მაგრამ მაინც, მრავალი კითხვა მქონდა მასთან დაკავშირებით.

ვინ არის ღმერთი? როგორია იგი – როგორც უზარმაზარი ღრუბელი თუ როგორც ოდნავ შესამჩნევი ჩრდილი? ან იქნებ ღმერთი – მეგობარია, რომელსაც ყველა ჩემი ლოცვა ესმის და ამასთან იმდენად რეალურია, რომ ფიქრებში შემიძლია თითქმის შევეხო მას?
***

ჩემი მშობლები, ჯერალდ და ადელ სლავინები, არ იყვნენ რელიგიურები ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით. მათი რწმენა ღმერთისადმი უფრო მადლიერებაში, სულგრძელობაში, ოჯახისადმი გულითად მიჯაჭვულობასა და თავგანწირულ ერთგულებაში გამოიხატებოდა. ისინი დიდი დეპრესიის პერიოდში გაიზარდნენ და ადრეული ბავშვობიდან იძულებულნი იყვნენ მუხლჩაუხრელად ეშრომათ, რათა ოჯახი გამოეკვებათ. ჩვენთვის, თავისი შვილებისთვის, ყველაფერი საუკეთესო უნდოდათ, ამიტომ იმაზეც ზრუნავდნენ, რომ განებივრებულები არ ვყოფილიყავით. მშობლები ყველანაირად ხელს უწყობდნენ ჩვენში მადლიერების გრძნობის განვითარებას ყველაფერი იმისათვის, რაც გაგვაჩნდა. 1955 წელს, როცა ოთხი წელი შემისრულდა, ჩვენი ოჯახი ჩიკაგოდან სოფელ შერვუდის ტყეში გადავიდა, რომელიც ჰაილენდ პარკში, ილინოისის შტატში მდებარეობს. იქ ჩემს ორ ძმასთან ერთად ბუნებაში ვიზრდებოდი, დიდი ქალაქის საფრთხეებისა და საცდურებისგან მოშორებით. ჩვენი წყნარი სოფელი ვაკეზე იყო გაშენებული და გარშემო ტყე ერტყა. სხვა ბავშვებთან ერთად ერთმანეთის მსგავსი სახლების რიგებს შორის ან დაცარიელებულ სახლებში ვთამაშობდით.

“ჩვენი რიჩი – ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ საერთოდ არ ჰგავს სხვებს, – ამბობდნენ ჩემს შესახებ მშობლები. – ვის ჰგავს ასეთი?” მე მართლა უჩვეულო ჩვევები მქონდა, და არავინ იცოდა საიდან მოვიდნენ ისინი.

მაგალითად, ცხრა წლამდე უარს ვამბობდი, რომ საჭმლის ჭამის დროს სკამზე დავმჯდარიყავი. მერჩივნა იატაკზე მჯდომს მეჭამა, მიუხედავად იმისა, რომ მშობლები მიშლიდნენ ამას. კომპრომისის სახით ნება დამრთეს, რომ ფეხზე მდგარს მეჭამა, რესტორნებშიც კი. ჩვეულებრივ ასეთ სიტუაციებში ოფიციანტი ჩემთვის სკამის მოტანას გვთავაზობდა, რაზეც დედა მხრების აჩეჩვით პასუხობდა: “მას არ უყვარს სკამები”.

ჩემი მშობლები დიდ ყურადღებას უთმობდნენ საკუთარ გარეგნობას და ყოველთის გემოვნებით ეცვათ. რაც შემეხება მე, კატეგორიულ უარს ვამბობდი ახალი ტანსაცმლის ტარებაზე, და დედას უხდებოდა, რომ რამდენჯერმე გაერეცხა ისინი, სანამ ნახმარივით არ გამოჩნდებოდნენ. მხოლოდ ამის შემდეგ ვიცვამდი. თუ ახალ ფეხსაცმელს მიყიდიდნენ, სპეციალურად ვფხეკდი ქვით, სანამ გაცვეთილ სახეს არ მიიღებდნენ. როცა მშობლებმა ახალი ავტომობილი შეიძინეს, ერთი პერიოდი უარს ვამბობდი უკანა სავარძელში ჯდომაზე და ძირს, სავარძლებს შორის ადგილას ვჯდებოდი.

მე მრცხვენოდა, რომ მქონოდა ისეთი რამ, რაც სხვებს არ ჰქონდათ. ჩემი კუმირები ღატაკები და უსახლკაროები იყვნენ. ერთხელ მამამ რესტორანში წაგვიყვანა, მე მთელი დღესასწაული ჩავუშალე და სუფრიდან ყველაზე მოულოდნელ მომენტში გამოვიქეცი. მიზეზი ის იყო, რომ ოფიციანტი ჩემი თანაკლასელი აღმოჩნდა, და ვერ დავუშვებდი, რომ მე მომმსახურებოდა. ბაბუა ბილმა მანქანაში მიპოვა და მომიხდა მისთვის ამეხსნა ჩემი ქცევის მიზეზი.

“ყველაფერი რიგზეა რიჩი, – მიპასუხა მან. – შენ სწორად მოიქეცი. ვამაყობ შენით”.

ბილ სლავინმა, ბაბუამ მამის მხრიდან, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. ის ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო, და ეს ვლინდებოდა იმ სიყვარულში, რომლითაც გარშემომყოფებისადმი იყო განწყობილი. მე აღტაცებული ვიყავი იმით, თუ როგორი სიმშვიდით და უბრალოებით იცავდა თავის ძველმოდურ ტრადიციებს და სიბრძნე ჰყოფნიდა, რომ ცხოვრების ამერიკულ წესთან შეეთავსებინა ისინი. როცა მთელი ოჯახი სუფრასთან იკრიბებოდა, ვამჩნევდი, რომ ბაბუა ჩუმად ლოცულობდა იმ დროს, როცა დანარჩენები უკვე სადილს მიირთმევდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მამას არ ჰქონდა ჩემი ებრაულ სკოლაში ტარების საშუალება, იგი ცდილობდა, რომ სულიერი განათლება მოეცა ჩემთვის. როცა ცამეტი წელი შემისრულდა, მამამ მიმართა რებე ლიპისს თხოვნით, რომ ჩემთვის ბარ მიცვას [ებრაული სრულწლოვანების] რიტუალის ყველაზე მარტივი ვარიანტ ჩაეტარებინა. დიდებული რაბინი ჭაღარა თმით გულმოდგინებით მასწავლიდა ძირითად ლოცვებს, ისე რომ ცენტიც არ აუღია ამაში. ერთხელ ვკითხე მას:

“რებე, თუ შეიძლება ამიხსენით, რას ნიშნავს ეს ლოცვები?”

მისი კეთილი ყავისფერი თვალები ცრემლებით აივსო, და ისეთი სიყვარულით ჩამიხუტა, რომელსაც ვერასოდეს დავივიწყებ. მღელვარებისგან აკანკალებული ხმით რებემ მიპასუხა:

“რიჩი, მე მომწონს შენი გულწრფელი სურვილი ლოცვების აზრის გაგებისა. სამწუხაროდ ასეთი რამ უფრო და უფრო იშვიათია.”

“როგორ უნდა ვილოცო, რებე?”

მისი სწორი სახე თვალების გარშემო მცირედი ნაოჭებით ღიმილით გაიბადრა, ამის გამო თბილად და მყუდროდ ვიგრძენი თავი. ისევე როგორც ნებისმიერი ბავშვი, მეც ვსაჭიროებდი სითბოს.

“თალმუდი, – დაიწყო რებემ, – ეს ებრაული კანონების წიგნია, დაწერილი ათასობით წლის წინ რაბინების მიერ. როგორც თალმუდი ასწავლის, ჩვენ უნდა შევთხოვოთ ღმერთს იმის შესახებ, რომ ძალა მოგვცეს ცდუნებების, ეჭვებისა და დაბრკოლებების დასაძლევად და მისი ნების აღსასრულებლად. ეს უკეთესია, ვიდრე ღმერთისათვის ჩვენი სურვილების შესრულების თხოვნა.”

როცა ცამეტი წელი შემისრულდა, დაბადების დღეზე ჩემმა უფროსმა ძმამ მარტიმ პიტერის, პოლის და მერის პირველი ალბომი მაჩუქა. ეს იყო ფოლკ-ტრიო გრინვიჩ ვილიჯიდან. თავის სიმღერებში ისინი ომის, უსამართლობის და სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, მაგრამ ყველაზე მეტი შთაბეჭდილება მოახდინა სიმღერებმა, რომლებიც ღმერთისადმი იყო მიმართული. თვალებდახუჭული ვუსმენდი ამ ალბომს და ყოველი სიტყვა მაგნიტივით მიზიდავდა. პირველი სიმღერა ფირფიტაზე ამ სიტყვებით იწყებოდა: “Early in the morning, about the break of day – I ask the Lord to help me find my way” (“დილით, სანამ მზე გამოანათებს, ღმერთს ვევედრები: ჩემი გზა გაანათე”). ისევ და ისევ ვუსმენდი ამ ლოცვას და ვერც კი წარმომედგინა, რა როლს ითამაშებდა ჩემს ცხოვრებაში.

ცხოვრების აზრის ძიებაში ისეთ ფოლკ-მომღერლებს ვუსმენდი, როგორებიც იყვნენ პიტ სიგერი და ბობ დილანი, და მათი შემოქმედება მეამბოხე სულს აღვივებდა ჩემში. თუ ფოლკ-მუსიკა ტექსტების დიდი სიღრმის გამო ეხმიანებოდა ჩემს გულს, ბლუზი ყმაწვილურ და მძაფრ ემოციებს იწვევდა ჩემში. ბლუზი – ეს ვნებისა და სევდის მუსიკაა. ყოველი ნოტით, ყოველი სიტყვით ბლუზმენი თავისი გულის სევდას ავლენს და ამაში ჰპოვებს შვებას. ვისმენდი რა სხვის ტირილს დაკარგულ სიყვარულზე, მე თვითონაც მოვთქვამდი, და ვტიროდი ჩემს დაკარგულ სიყვარულზე ჯერ კიდევ მანამ, სანამ განვიცდიდი მას.

განსხვავებით ჩემგან, თვითანალიზისადმი მიდრეკილი, მორცხვი და მგრძნობიარე ბავშვისგან, ჩემი უფროსი ძმა მარტი გარშემომყოფების გაბრაზების ფენომენალურ ნიჭს ფლობდა. მაიმუნივით მოუსვენარმა მეტსახელად შესაბამისი სახელი მიიღო – მანქი [სიტყვისგან Monkey]. 1965 წელს, როდესაც თოთხმეტი წელი შემისრულდა, მე ჩავაბარე საშუალო სკოლაში, რომელიც ეს-ესაა მარტიმ დაამტავრა. როგორც კი დამინახა, ზოგიერთი მასწავლებელი აღშფოთდა: “ოღონდ ეს არა! კიდევ ერთი მანქი!” ასე დამერქვა სწავლის პირველი დღიდანვე “პატარა მანქი”. მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი იმ ირონიას, რაც ამ მეტსახელში იდო [მეტსახელი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა, რადგანაც სიტყვა Monk ასევე ნიშნავს “ბერსაც”].

სკოლაში როგორც ახალბედა ორთაბრძოლების ჯგუფში ჩამწერეს. ვერ ვიტყვი, რომ ამისთვის კარგი მონაცემები მქონდა, მაგრამ თუკი რაიმე გამიტაცებდა, ამ გატაცებას მთლიანად ვუძღვნიდი თავს. მწვრთნელიც და მეგობრებიც მომავალ ჩემპიონს ხედავდნენ ჩემში. მე თვითონაც მომწონდა რთული მიზნების დასახვა და მათი მიღწევა. მაგალითად, შემეძლო ნებისმიერი სტიპენდია ან გრანტი მომეპოვებინა, როგორც კი მოვისურვებდი. მაგრამ რაღაც უცნაური დამემართა. დავიწყე ცხოვრების აზრზე ფიქრი, უფრო მაღალზე ვიდრე სიმდიდრე, საზოგადოებრივი მდგომარეობა და წარმავალი გატაცებები. როგორ შემეძლო ბედნიერი ვყოფილიყავი კეტილმოწყობილ ჰაილენდ პარკში, როდესაც სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ჩიკაგოს გეტოში ზანგები იტანჯებოდნენ? როგორ შემეძლო გამხარებოდა სპორტული ჯილდოები, როდესაც ჩემს უფროს მეგობრებს საშინელ ვიეტნამის ომში იძახებდნენ? მე და ჩემი მეგობრები ამ კითხვებზე პასუხებს ვეძებდით და ეჭვქვეში ვაყენებდით იმ ცხოვრების საფუძვლებს, რომლითაც იმჟამად ვცხოვრობდით.

* * *
მე მხურვალედ თანავუგრძნობდი მარტინ ლუთერ კინგ–უმცროსს და მის მოძრაობას სამოქალაქო უფლებების მოპოვებისათვის. მე ვფიქრობდი მალკოლმ იქსის სიტყვებზე და ვკითხულობდი წიგნებს სოციალური რეფორმების შესახებ. ჩემს საუკეთესო მეგობრებთან, ბასუნთან და გერისთან ერთად, რომლებსაც ათი წლის ასაკიდან ვიცნობდი, ავტოსამრეცხაოზე მოვეწყვე და სასწავლო წლის განმავლობაში მეცადინეობების მერე ვმუშაობდი, ხოლო ზაფხულის არდადაგების დროს – მთელი სამუშაო დღით. სამუშაო მძიმე იყო, მაგრამ მე მომწონდა იგი. ჩვენთან ერთად მუშაობდნენ მოზრდილი აფრო-ამერიკელები ჩიკაგოს სამხრეთ ნაწილის გეტოდან – ადამიანები სრულიად სხვა სამყაროდან, რომელიც მყუდრო ჰაილენდ პარკის მიღმა მდებარეობდა. მათთან მუშაობისას ჩვენ თითქოს სოულის კულისებს მიღმა აღმოვჩნდით. ეს იყო სამყარო, საოცრად განსხვავებული იმისგან, რაც ჰაილენდ პარკში გვინახავს. სიღატაკემ, რასობრივმა დისკრიმინაციამ და ალკოჰოლიზმმა ცხოვრების ფსკერზე დაუშვეს ეს ადამიანები, და როცა მათთან ერთად ვისმენდი ბლუზის და სოულის მომღერლების გოდებას, ჩემი გული იფლითებოდა. თხუთმეტი წლის მოზარდს მოსვენებას არ მაძლევდნენ კითხვები, რომლებზე პასუხებსაც ვერსად ვპოულობდი.

შემდეგ კი ჩემი ახლო მეგობარი გარდაიცვალა. იგი ჩემზე სულ რაღაც ერთი წლით უფროსი იყო. მისი ავტომობილი მოყინული გზატკეცილზე მოცურდა და მიჩიგანის ტბის ცივ წყალში ჩაიძირა. მაშინ სერიოზულად დავფიქრდი იმაზე, თუ ვინ ვიყავი და რისთვის ვცხოვრობდი. მეჩვენებოდა, რომ მთელი მსოფლიო უფსკრულისკენ მიცურავდა გაურკვევლობის ყინულზე.

განმარტოებისთვის სახლის სარდაფში გადავედი საცხოვრებლად და კედლებზე სიბნელეში მანათობელი ფსიქოდელიური პლაკატები გავაკარი. ჭერზე სათევზაო ბადეები იყო ჩამოკიდებული, ხოლო სივრცეში ჟასმინის კეთილსურნელების სქელი კვამლი ირხეოდა. და როცა სტრობოსკოპს ვრთავდი, რეალობა უკან იხევდა და სიზმრების სამყაროში გადავდიოდი.

ყველასგან სარდაფში განმარტოებული, სამოციანების რევოლუციურ მუსიკას ვუსმენდი. ბიტლების სიმღერა “A Day in the Life უფრო გააძლიერა ჩემში ცხოვრების ჭეშმარიტი აზრის ძიების წყურვილი.

 

 

თვალებდახუჭული ვუსმენდი, როგორ მღეროდა ჯორჯ ჰარისონი “Within You, Within You” და მის სიტარასთან ერთად ვტიროდი შინაგანი სიმშვიდის წყურვილით. ისევდაისევ ვრთავდი რეი ჩარლზის “Old Man River”-ს და სუნთქვაშეკრული ვუსმენდი ამ სიმღერას ჩაგრულთა ხვედრის შესახებ. როცა ბი ბი კინგს ვუსმენდი, მისი გიტარის მძაფრი ბგერები გულში მწვდებოდა, და განცვიფრებული ვიყავი, რატომ მანიჭებდა ასეთ სიამოვნებას სევდიანი სიმღერების მოსმენა.  ერთხელ გვიან საღამოს, როცა უკვე მერამდენედ ვცდილობდი ჩემს ცხოვრებაში გარკვევას, ყურსასმენებში გაიჟღერა ჯონი რივერზის სიმღერამ “Look to Your Soul for the Answer” (“პასუხისთვის შენს სულში ჩაიხედე”). მე ღრმად ჩავისუნთქე, თვალები გავახილე და საზეიმოდ განვაცხადე: “დიახ! სწორედ ასეა საჭირო!”
* * *
მე და ჩემი მეგობრები ახალი აღმაფრენით გადავეშვით 1960-იანების კონტრკულტურაში. სკოლაში, სადაც ძირითადად კონსერვატიულად განწყობილი ოჯახების შვილები, სპორტსმენები და აქტივისტები სწავლობდნენ, ჩვენ უმცირესობაში აღმოვჩნდით. გრძელი თმა მოვუშვით და ექსპერიმენტები დავიწყეთ მარიხუანათი და ლსდ-თი, ხოლო ჩვენი მშობლების და მათი თაობის ღირებულებები უარვყავით.

ამასთან მე ორად ვიხლიჩებოდი. არ მინდოდა ვინმეს იმედები გამეცრუებინა. ვფიქრობდი სპორტისთვის თავი დამენებებინა, მაგრამ ჩემი მეგობრების და მწვრთნელის ღალატიც არ მინდოდა. მითუმეტეს, რომ სკოლის ხელმძღვანელობა ფიქრობდა, რომ ჩემი წყალობით სკოლის გუნდი ჩემპიონატებში მიიღებდა მონაწილეობას. ერთხელ მწვრთნელმა ყველას თანდასწრებით განაცხადა:

“როცა პატარა მანქი გამარჯვებისთვისაა განწყობილი, მშიერი ვეფხვივით გამოვარდება ხოლმე ხალიჩაზე. ის ჩემპიონთა ჯიშიდანაა. სამწუხაროა, რომ მას არ შეუძლია სპორტზე კონცენტრაცია”.

არ ვიცოდი რა მექნა და ღმერთს ვთხოვე დახმარება.

მალე, შეჯიბრებაზე გამოსვლის დროს, ჩემი მოწინააღმდეგე ორთაბრძოლის დაწყებიდან ხუთ წამში ბეჭებზე დავდე. ხალხი ღრიალებდა ჩემი გამარჯვების ნიშნად, მე კი მუხლდაჩოქილი ვიყავი და ფეხზე ვერ ვდგებოდი პარალიზებული. მხრის ძვალი სახსრიდან ამომვარდნოდა და მკერდის კუნთები გაეგლიჯა. მთელს სხეულში საშინელმა ტკივილმა დამიარა. იმ წამს, როცა მხარი ამომვარდა, ჩემს ცხოვრებაში პირიქით, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მთელი სხეულით ვკანკალებდი. მაყურებელი შეშფოთებული მიყურებდა, მე კი უხმოდ მადლობას ვწირავდი უფალს. ახლა უკვე თავისუფალი ვიყავი.

ყველაფერი, რაზე უარის თქმაც თავად მიჭირდა, ბედის წყალობით თავისითვე სამუდამოდ მიდიოდა ხოლმე ჩემი ცხოვრებიდან.

 

***

ჰარი ლისი, რომელთან მეგობრობამაც საბოლოო ჯამში ყველაზე საოცარი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე, კეთილი, კომუნიკაბელური და რაც მთავარია თავგადასავლების დაუდეგარი მაძიებელი იყო. ჰარი იმ მეამბოხეების რიცხვს განეკუთვნებოდა, რომლებმაც ბოლომდე იპოვეს საკუთარი თავი კონტრკულტურაში. პირველი სასწავლო წლის შემდეგ, საზაფხულო არდადაგებზე, მე და ჰარი კალიფორნიაში წავედით სამოგზაუროდ. იქ სრული თავისუფლებით ვტკბებოდით “სანსეტ სტრიპზე” და ჰეიტ-ეშბერში. “ყვავილების შვილთა” ამ სამოთხეში ბევრი შესანიშნავი ადამიანი გავიცანით – ისეთივე იდეალისტები, როგორებიც ჩვენ ვიყავით. გვხვდებოდნენ სხვანაირი ადამიანებიც – დამანგრეველი, უხეში, გარყვნილი ხასიათის მქონენი ან უბრალოდ სიამოვნებებისადმი დახარბებულნი, მაგრამ მათგან ვცდილობდით შორს დაგვეჭირა თავი.

1969 წელს სკოლის საუკეთესო მეგობრებთან: ბასუნთან, სტივთან და ჰარისთან ერთად ფლორიდაში, მაიამი დეიდის კოლეჯში ჩავაბარე. როგორც ჩემი თანატოლების უმეტესობა, მე ახალგაზრდა, ჭირვეული და თავგადასავლების მაძიებელი ვიყავი, მაგრამ სწორედ მაშინ დავიწყე საკუთარ თავში იმ სურვილის აღმოჩენა, რომელიც ყველა დანარჩენს ჩრდილავდა. ეს სურვილი სულიერებისადმი გადაულახავი სწრაფვა იყო. იგი დღითიდღე ზრდებოდა. ვიღაცამ მათხოვა წიგნი – “მსოფლიოს უდიდესი რელიგიები”. მე ხარბად დავეწაფე თვითოეულ სიტყვას და არაფრით შემეძლო სულიერი ცოდნისადმი წყურვილის დაცხრობა. შემდეგ, სხვა წიგნების კითხვისას, აღმოვაჩინე უხმო მედიტაციის უძველესი ინდური მეთოდი წმინდა მარცვალზე “ომ”. საკუთარი თავის სიღრმეში მოგზაურობისას აღმოვაჩინე სხვა რეალობა, იმდენად საოცარი, რომ უფრო და უფრო ღრმად მინდოდა მასში შესვლა.

ერთ დილას, სტუდენტურ ქალაქში ვნახე განცხადება ლექციის შესახებ, რომელიც ტრანსცენდენტულ მედიტაციას ეძღვნებოდა. ლექციაზე წვერებიანი გრძელთმიანი ამერიკელი სახელად მაიკლი ჰყვებოდა ცნობიერების მეცნიერებაზე, რომელიც მაჰარიში მაჰეშა იოგის სწავლებაზე იყო დაფუძნებული. ამან ძალიან დამაინტერესა. მაიკლმა ფლორიდის ჰოლივუდში მიმიწვია, სადაც ყველანაირი ვალდებულებების გარეშე შემეძლო ინდივიდუალური მანტრის მიღება მედიტაციისთვის. საკურთხეველზე ყვავილი, ძვირფასი ნაჭერი და ოცდათხუთმეტი დოლარი დავდე, რის შემდეგაც ყურში მანტრა ჩამჩურჩულეს, რომელიც ერთი მარცვლისგან შედგებოდა. მას შემდეგ ყოველდღიური მედიტაცია ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი ნაწილი გახდა.

სულიერების თესლი მალე იზრდებოდა ჩემში. მაგრამ მასთან ერთად იზრდებოდნენ ფარისევლობისა და ფანატიზმის აუტანლობის სარეველები. მოვუშვი რა თმები საყოველთაო ნორმების პროტესტის ნიშნად, მე გავხდი სამიზნე მათთვის, ვინც ვერ იტანდა ჰიპებს, მათ შორის პოლიციელებისთვის. ისინი რეგულარულად მაჩერებდნენ, მჩყრეკდნენ და ყველანაირად თავს მაბეზრებდნენ. როცა ვხედავდი იმ ზიზღს, რასაც ჩემი გრძელი თმა, რწმენა და შეხედულებები იწვევდა, საკუთარ თავს მოწამედ აღვიქვამდი და ცოტათი ვამაყობდი კიდეც ამით. პატივად ვთვლიდი, როცა მაღალი იდეალების გამო მდევნიდნენ. ეს გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე ბრბოს აზრის გაზიარება და მოდის აყოლა. ამასთან ერთად ვხვდებოდი, რომ იმათი სიძულვილი, ვისაც მე ვძულდი – ეს იგივე მანკიერებით ავადმყოფობას ნიშნავდა. ამიტომ ვცდილობდი დამენგრია ის საზღვრები, რომლებიც ადამიანებს ყოფდნენ, და აღმომეჩინა ყველა რელიგიის საიდუმლო არსი, გამეცნობიერებინა ღმერთის ერთიანობა.

კოლეჯში ფსიქოლოგიით და სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებებით დავინტერესდი, მაგრამ მედიტაცია და მუსიკა ყოველთვის პირველ ადგილზე რჩებოდა ჩემს ცხოვრებაში. ქალაქ ოპა ლოკაში, კოლეჯთან ახლოს, სახლში, რომელსაც ყველა “საფერფლეს” ეძახდა, ცხოვრობდა მუსიკოსი ჯეიმს ჰარმონი მეტსახელად ჯიმი-დათვი. ის მაღალი იყო, გრძელ თმას და წვერს ატარებდა. ის ტუჩის ჰარმონიკაზე უკრავდა და სოლისტი იყო ჯგუფში Burning Waters Blues Band.

დათვმა უმცროსი ძმასავით შემიყვარა. ერთხელ ამაყი ღიმილით მაჩუქა თავისი ტუჩის ჰარმონიკებიდან ერთ-ერთი:

“ძამიკო, ტუჩის ჰარმონიკაზე დაკვრას გასწავლი”.

“მაგრამ მე ნოტები არ ვიცი”, – მორცხვად ვუპასუხე მე.

“ეს არაა მნიშვნელოვანი. შენ იცი რას ნიშნავს ღრმა გრძნობა, ბლუზში კი ესაა მთავარი.”

მას შემდეგ ჰარმონიკა ჩემი მუდმივი თანამგზავრი გახდა.

* * *
კოლეჯში შავკანიან სტუდენტებს დავუმეგობრდი და ერთ-ერთი მათგანის მეშვეობით მარტინ ლუთერ კინგ-უმცროსის თანამოაზრე გავიცანი. ეს იყო გამხდარი, მაგრამ ძალიან მტკიცე ნების მქონე ქალი, რომელიც მეთაურობდა მოძრაობას სამოქალაქო უფლებებისათვის. ორმოც წელზე გაცილებით მეტის იქნებოდა, მე კი სულ რაღაც თვრამეტის ვიყავი, ამიტომ დედას ვეძახდი, ის კი შვილს მეძახდა. ხშირად ვსაუბრობდით დოქტორ კინგის ქადაგებებზე და ერთად განვიცდიდით მის ტრაგიკულ სიკვდილს. როგორც ბაპტისტს შეეფერებოდა, ის კეთილი და მოწყალე იყო, მაგრამ ამასთან მტკიცე და უშიშარი. ერთხელ თავის ორგანიზებულ შავკანიანთა სამოქალაქო უფლებების დასაცავად მოწყობილ მსვლელობაზე დამპატიჟა. როგორი გაუკვირდა და გაუხარდა, როცა მივედი – თეთრი ყმაწვილი შავკანიანების მარშში მონაწილეობდა. ხელი ჩამკიდა და ამაყად გაუძღვა მსვლელობას.

ბევრს გაუკვირდა ჩემი იქ ყოფნა. თეთრი რასისტები გვისტვენდნენ და გვემუქრებოდნენ, როცა ახლოს ჩავუვლიდით. პოლიციელები დემონსტაციულად გვაქცევდნენ ზურგს და ჩვენსკენ ბოთლები და ქვები ცვიოდა. დედამ გაიღიმა, როცა სამასზე მეტმა ადამიანმა ერთად დაიწყო სემ კუკის სიმღერა “A Change Is Gonna Come” da “We Shall Overcome”.

მარშის კულმინაცია იყო – მიტინგი პარკში. ყველა გასაშლელ სკამებზე დაჯდა, მე კი დედის გვერდით დავჯექი. შემდეგ ის მიკროფონთან მივიდა და სიტყვა წარმოთქვა. იგი ამხელდა თეთრკანიანების შავკანიანებისადმი უსამართლობას და მოუწოდებდა “ძალადობის გარეშე აჯანყებისაკენ”.
მისი თავდაჯერებული ხმა მთელ პარკში გუგუნებდა.
* * *
“ძალადობა იმ ბოროტების გზამდე მიგვიყვანს, რომელიც ჩვენმმა მდევნელებმა აირჩიეს. ჩვენ უშიშრები უნდა ვიყოთ და ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები, მაგრამ არა ცეცხლით და მახვილით, არამედ ერთიანობით და ყოვლისშემძლე უფლისადმი რწმენით. ბოიკოტი გამოვუცხადოთ ყველაფერს, რასაც რასობრივი დისკრიმინაციის სუნი ასდის. მჩაგვრელებისადმი წინააღმდეგობის გაწევით, ჩვენ თავად არ უნდა ვთქვათ უარი ჭეშმარიტებაზე”. მისი ხმა თრთოდა და თვალებში ცრემლები უბრწყინავდა, როცა თავისი მასწავლებლის სიტყვებს იმეორებდა:

“ამერიკა – ეს თავისუფლების ქვეყანაა. ჩვენ არ დავიხევთ უკან, სანამ მონობის ბორკილებს ბოლომდე არ გადავაგდებთ. და მაშინ ცაში ხელებაწვდილნი ვიყვირებთ:
“როგორც იქნა თავისუფლები ვართ! როგორც იქნა თავისუფლები ვართ!” მამა კინგს ოცნება ჰქონდა. ამ ოცნების საფასურად სიცოცხლე გაიღო. და ჩვენ ამ ოცნებისთვის ვიცოცხლებთ. ამინ”.

პარკი აპლოდისმენტების ხმამ შეძრა. დედა თავის ადგილზე დაბრუნდა, ჩემსკენ დაიხარა და ჩუმად მკითხა:

“მოგეწონა?”

მე ენერგიულად დავუქნიე თავი.

შემდეგი ორატორი მოულოდნელად პოლემიკაში შევიდა მასთან – მისი გამოსვლა ღიად მოუწოდებდა აჯანყებისაკენ:

“იმის იმედი, რომ რასისტების დამარცხება ძალადობრივი მეთოდების გარეშე შეგვიძლია, მამა კინგთან ერთად მოკვდა! – წარმოთქვა მრისხანე ხმით. – ძმებო და დებო, გაიღვიძეთ! ცეცხლს ცეცხლით ებრძვიან. ამერიკამ იარაღით ხელში მოიპოვა თავისუფლება. ამიტომ უნდა დავიფიცოთ, რომ დევნას დავუწყებთ თეთრ ექსპლუატატორებს და გადავწვავთ მათ ქალაქებს”.

შეკრებილთა ნახევარმა თანხმობის ნიშნად დაიყვირა, ხოლო დანარჩენებმა შეცბუნებულებმა გააქნიეს თავები. გაოფლიანებული ორატორი მუშტების მოღერებით აგრძელებდა თავის სიტყვას:

“თეთრები ფიქრობენ, რომ ჩვენ მუდამ კმაყოფილნი ვიქნებით ავტობუსების უკანა ნაწილში ჯდომით და ვიცხოვრებთ გეტოში, როგორც ციხეში, – რისხვამ გაიელვა მის თვალებში, როცა თითი ჩემსკენ გამოიშვირა და დაიყვირა: – ძმებო და დებო, შეხედეთ! დღესაც კი, ჩვენს მსვლელობაზე, თეთრი ადამიანი უსირცხვილოდ მეთაურობს მსვლელობას, ჩვენ კი, შავკანიანები უკან მივყვებით!” ორატორის მომხრეებმა სიბრაზისგან დაიხუვლეს.

ორატორი აგრძელებდა ჩემს მხილებას, როგორც ყველაფერ იმის სიმბოლოსი, რომელიც სძულდათ და ვერ იტანდნენ. ის შურისძიებისკენ მოუწოდებდა ყველას. დედა წამოხტა, რომ ჩემს დასაცავად სიტყვა ეთქვა, მაგრამ მისი ხმა ორატორის მრისხანე ყვირილმა დაფარა. ამასთან მას მიკროფონი და დემონსტრანტთა უმეტესი ნაწილის მხარდაჭერა ჰქონდა. დედამ ნაზად მომკიდა ხელი და მწუხარე ხმით მითხრა:

“შვილო, მაპატიე ძალიან გთხოვ. ღმერთია მოწმე, მე დაგაყენე მსვლელობის სათავეში. შენ მომენდე და ამის გამო საფრთხეში აღმოჩნდი, ხელზე ხელი მომიჭირა და ამოიოხრა. – ახლა კი წადი. ღმერთი იყოს შენი მფარველი”.

ვცდილობდი ყურადღება არ მიმეპყრო და ჩუმად გავიპარე მიტინგიდან. დედა ყურადღებით მადევნებდა თვალყურს და მზად იყო აუცილებლობის შემთხვევაში დავეცავი. მე მაოცებდა ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებიც თანასწორობისთვის და სამართლიანობისთვის იბრძოდნენ, მზად იყვნენ დაუფიქრებლად გაენადგურებინათ ყველა, ვინც მათგან განსხვავდებოდა. პარკიდან გამოვაღწიე და მშვიდად ამოვისუნთქე. მიუხედავად ამ დღის მოვლენებისა, მე უფრო დიდი მოწიწება ვიგრძენი მამა კინგისადმი და მისი მიმდევრებისადმი. ისინი უმოწყალოდ ებრძოდნენ როგორც გარე, ასევე შინაგან მტრებს. სამხრეთული მზის ქვეშ ხეტიალობდი და გამახსენდა ერთი გამოთქმა, რომელიც ნათელს ჰფენდა მიმდინარე დღის მოვლენებს: თუ ადამიანს არა აქვს იდეალი, რომლისთვისაც მზადაა სიცოცხლე გასწიროს, მაშინ მის სიცოცხლეს ფასი არა აქვს. და მაშინ ყველაფერს მივხვდი. მარტინ ლუთერ კინგ-უმცროსს ჰქონდა ოცნება, რისთვისაც ცხოვრობდა და რისთვისაც მოკვდა. მისმა ოცნებამ მსოფლიო შეცვალა. განა ნებისმიერ ჩვენგანს არ შეუძლია ამის მიღწევა, თუ თავისი მოწოდებისადმი ერთგულებას ბოლომდე შეინარჩუნებს?

* * *
სასწავლო წელი დასრულდა და არდადაგები დაიწყო. ზაფხულის ცხელ დღეს გზატკეტილის ნაპირზე ვიდექი სადღაც პენსილვანიაში და გზად მიმავალი მანქანის გაჩერებს ვცდილობდი, ქარი კი გრძელ თმას მიწეწავდა. ნიუ-იორკში მივდიოდი, ჩემს მეგობართან. ცხრამეტი წლის ვიყავი, 168 სმ სიმაღლის ორმოცდაათ კილოზე ოდნავ მეტს ვიწონიდი. უნდა ვაღიარო, რომ სხეულის ასეთი აღნაგობით საკმაოდ უმწეოდ ვგრძნობდი თავს ყოველთვის, როცა გზა მიმავალი მანქანის დაჭერა მიხდებოდა. სამი საათის შემდეგ ჩემს წინ 59 წლის გამოშვების ჟანგიანმა პლიმუთმა დაამუხრუჭა. ავტომობილთან მივირბინე და მძღოლს მადლობა გადავუხადე:

“მადლობა! ძალიან დიდი მადლობა, სერ!”

მძღოლმა ფანჯრიდან შუა თითი გამომიყო და გაბრაზებულმა შემომხედა:

“ჯობია სამუშაო იშოვო, უსაქმურო!” – უეცრად მსხვილი ხელი თმაში ჩამავლო და ღია ფანჯრისკენ შემითრია. მაშინვე დამწვრის და თამბაქოს სუნი მეძგერა. მძღოლმა გადააპურჭყა, ბინძურად შეიგინა და თან დაამატა:

“ეი, მათხოვარო! იარაღი რომ მქონდეს დაუფიქრებლად მიგაცხრილავდი!”

და მანქანა საბურავების კივილით მოწყდა ადგილიდან.

ავტომობილის შავი კვამლისგან სულშეხუთულმა ამოვახველე და ვიგრძენი, როგორ იფეთქა ჩემში წყენამ, მაგრამ მაშინვე ვცადე მისი შეკავება. ჩემი მიზანი ხომ სულიერი ცხოვრება იყო. ავტოსტოპით მოგზაურობისას არაერთხელ გავმხდარვარ სამიზნე იმათთვის, ვინც ეძებდა, რომ სხვაზე ამოენთხია თავისი ბრაზი და გაღიზიანება. მაგრამ მე ვიმედოვნებდი, რომ ეს განსაცდელები სულიერ ზრდაში დამეხმარეობოდა. ვიცოდი, რომ მოთმინება და სიმტკიცე უნდა მესწავლა და დაბრკოლებების გადასალახად უნდა მელოცა.

სამოცდაათიან წლებში გრძელი თმა უბრალოდ მოდა არ იყო, ეს იყო ღია გამოწვევა მთელი საზოგადოებისადმი მასში გამეფებული ფულისა და ძალაუფლების კულტით. იმ წლებში გრძელი თმა რწმენის ერთგვარი სიმბოლო იყო. მე და ჩემს მეგობრებს უბრალოდ კი არ გვჯეროდა ჩვენი იდეალების, არამედ ცხოვრებაშიც ვანხორციელებდით მათ. ერთი წლით ადრე, როცა ჩიკაგოში, დემოკრატიულ კონვენციაზე პროტესტით გამოვდიოდით ომის წინააღმდეგ, ცრემლმდენი გაზით დაგვშალეს. პოლიციელებს არ ვუყვარდით და ხშირად გვიჭერდნენ ხოლმე სტუდქალაქში. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ცხოვრების აზრს ვეძებდით და გვჯეროდა იდეალების, რომლისთვისაც მხოლოდ ცხოვრება კი არა, სიკვდილიც ღირდა. და თუმცა მე თვითონ ცუდს არავის ვუსურვებდი, ჩემი გარეგნული იერი ჩემს მიმართ არაკეთილ განწყობას უნერგავდა გარშემომყოფებს.

კიდევ რამდენიმე საათის ლოდინის შემდეგ კეთილად განწყობილმა ახალგაზრდამ გამიჩერა და გამიყოლა თავის სახლამდე, გეტისბურგში. იქ მარტო ჩამოვჯექი ტყის ნაკადულთან. ხეებსა და ქვებს შორის მიმავალი წყლის რაკრაკი დამამშვიდებლად მოქმედებდა ჩემზე. მეჩვენებოდა, რომ ნაკადულმა ისეთი რამ იცოდა, რაც ყოფიერების საიდუმლოს კარს გამიხსნიდა.

თუკი ამ ნაკადულივით, უბრალოდ გავყვები მოწოდებას, – ვფიქრობდი მე, – მაშინ შესაძლოა ბუნებამ თავად გამიხსნას თავისი საიდუმლო და უმაღლეს მიზნამდე მიმიყვანოს.

რამდენიმე დღის შემდეგ, ნიუ-იორკში, ჩემმა მეგობარმა ჰეკეტმა როკ-ფესტივალზე “ღანდალლ’ს Iსლანდ” წამიყვანა. სცენაზე ერთიმეორეს მიყოლებით გამოდიოდნენ სხვადასხვა ჯგუფები და შემსრულებლები – ჯიმი ჰენდრიქსით დაწყებული Mountain-ით დამთავრებული. შესვენების დროს გასეირნება გადავწყვიტე და ახალგაზრდა ამერიკელი მომიახლოვდა გადაპარსული თმით. ის მთლიანად თეთრებში იყო ჩაცმული და რომელიღაც უჩვეულო ბერად აღვიქვი. ზედმეტი ლაპარაკის გარეშე გამომიწოდა თხელი წიგნი და შესაწირი მთხოვა. მე ვუთხარი, რომ ფული არ მქონდა, სანამ ვსაუბრობდით, ბარიგა მომიახლოვდა და ჰაშიში შემომთავაზა. მე მასაც იგივე გავუმეორე, და ეს ორნი ერთმანეთთან კამათით გამეცალნენ. ბერს ჩემთვის წიგნის გამორთმევა დაავიწყდა, მე კი ისე, რომ არც კი დამიხედავს, ჩანთაში ჩავიდე იგი.
მომდევნო დღეს, როცა ბრუკლინში ვიყავი ჰეკეტთან, ჰარიმ დამირეკა და სტუმრად დამპატიჟა ჩვენს საერთო მეგობართან – ფრენკთან, რომელიც ჩერი ჰილში ცხოვრობდა ნიუ-ჯერსის შტატში. როცა მივედი, ჰარი და ფრენკი მუხლდაჩოქილნი იდგნენ დიდ რუქაზე, რომელიც სასტუმრო ოთახში, ხალიჩაზე იყო გაშლილი.
“რამდენიმე დღეში ევროპაში ვაპირებთ წასვლას, – მითხრა ჰარიმ, – და შენც ჩვენთან მოდიხარ”.

მე ერთი ცენტიც კი არ მქონდა და ჩიკაგოში ვაპირებდი დაბრუნებას, რათა მთელი ზაფხული მემუშავა. მაგრამ ფრენკმა დამარწმუნა, რომ სამივესთვის ჰქონდა სამყოფი ფული.

“კარგი, – ვუპასუხე მე, – მაშინ წამოვალ”.

ისღა დამრჩენოდა, რომ ჰეილენდ პარკში ცავსულიყავი და მშობლებისთვის ამეხსნა ვითარება. აქამდე არავინ ჩვენი ოჯახიდან ამერიკის საზღვრებს არ იყო გაცდენილი. რას იტყვიან მშობლები? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად მივდიოდი სახლში, სადაც მთელმა ჩემმა ბავშვობამ ჩაიარა.

მრგვალ სასადილო სუფრასთან ვიჯექი და მასზე დალაგებულ კერძებს ვათვალიერებდი. დედა მზად იყო ყოველდღე გაემზადებნა ჩვენთვის სადღესასწაულო სუფრა. ოთახში ბალახების და სანელებლების სასიამოვნო არომატი იდგა.

“გადავწყვიტე ჰარისთან ერთად ევროპაში წავიდე”, – განვაცხადე მე. სუფრის წევრებს სახეები გაუქვავდათ. მათი მზერის ქვეშ ნერვიულად ვაქანავებდი საპილპილეს ჩემი თეფშის თავზე.

“ეს ჩემს მსოფლმხედველობას გააფართოვებს, რას ფიქრობთ?”

პასუხი არ ყოფილა. მე სამზარეულო მოვათვალიერე: ლამაზად იყო შეღებილი. ელექტრო პლიტა და მაცივარი ერთი ფირმის იყო. ერთიც და მეორეც – ვარდისფერი. ეს დედაჩემის საყვარელი ფერია.

“სამაგიეროდ ბევრ ახალს გავიგებთ. არ ინერვიულოთ, სექტემბერში დავბრუნდები, როცა არდადაგები დამთავრდება. სამ დღეში მივემგზავრებით.”
სიჩუმე იდგა. დედა ისე გამოიყურებოდა, თითქოს ახლო ნათესავის სიკვდილის ამბავი გაიგო.

“რიჩი, – უეცრად აქვითინდა იგი, – რად გინდა ეს ყველაფერი? რას შეჭამ იქ? ან სად დაიძინებ?” ნერვიულად გააქნია თავი და ჩემს მოლბობას შეეცადა: “შენ ხომ ჯერ ბავშვი ხარ. ვინ დაგიცავს იქ?”

მამამ განაცხადა:
“შვილო, სრულ ჭკუაზე ხარ? ეს სამყარო – სახიფათო ადგილია. შენ კი ახალგაზრდა და გამოუცდელი ხარ. ნებისმიერი რამ შეიძლება შეგემთხვეს”.

ღრმად ჩაისუნთქა და დაამატა:
“მე დაგიშლიდი წასვლას, მაგრამ მაინც არ დამიჯერებ”. მამა თვალს არ მაცილებდა და ისე მიყურებდა, იმ იმედით, რომ გადავიფიქრებდი, მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია. მაშინ ნერვიული ხმის კანკალით მითხრა:

“მე დღე და ღამე ვიღელვებ შენზე, სანამ არ დაბრუნდები”.

ჩემმა ძმამ ლარიმ კი წამოიძახა:

“მაგარია! მეც წავიდოდი! – მაგრამ დაინახა რა გაბრაზებული მშობლები, უცბად სერიოზული გახდა, – რიჩი, იშვიათად მაინც მოგვწერე წერილები”.

თარგმანი Atman-ის მიერ

(Visited 498 times, 1 visits today)