abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

“ტიბეტური სახარება”

"ტიბეტური სახარება"

სტატიის ავტორი narilla

“ტიბეტური სახარება” – ასე მოიხსენიებენ კრებულს სახელწოდებით “ცხოვრება წმინდისა ისსასი, საუკეთესოსი ადამიანთა შვილთაგან”. ეს კრებული ჩრდილოეთ ინდოეთში მოგზაურობის დროს, ერთ-ერთ უძველეს ბუდისტურ მონასტერში (ჰემის მონასტერში), ტიბეტურ ენაზე ხელნაწერის სახით აღმოუჩენია ევროპელ მოგზაურს.

ეს მოგზაური გახლდათ ნიკოლოზ ნოტოვიჩი, რომელმაც არა მხოლოდ მიაკვლია ამ ტექსტს, არამედ მოიპოვა კიდეც ის და მოგვიანებით შეეცადა მის გამოქვეყნებას. მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, წააწყდა წინააღმდეგობას ოფიციალური სასულიერო ავტორიტეტების მხრიდან, რის გამოც ეს საქმე გარკვეული პერიოდი შეჩერდა, მოხერხდა მისი ბეჭდური სახით გამოცემა უკვე შემდგომში.

d2_notovichრუსი არისტოკრატი და ჟურნალისტი ტიბეტური სახარების  პირველაღმომჩენი გახდა 1887 წელს. თუმცა ხელნაწერები მანამდეც არაერთ სხვა მოგზაურსა და გამოჩენილ მოღვაწეს აქვს ნახსენები. თავად იხილა და დაადასტურა მათი არსებობა რუსმა მხატვარმა და მეცნიერმა ნ. რერიხმა, რომლის დღიურებშიც გვხვდება ისეთი ეპიზოდების ჩანაწერებიც, რომლებსაც, ეტყობა, ნოტოვიჩმა ვერ მიაკვლია.

მოთხრობები ისსაზე (ასე უწოდებენ იესო ქრისტეს აღმოსავლეთის აპოკრიფულ ტექსტებში) გაბნეული იყო სხვადასხვა შინაარსის ტიბეტურ მანუსკრიპტებში. ნიკოლოზ ნოტოვიჩმა შეძლო ამ მოთხრობების ქრონოლოგიურად დალაგება. ტიბეტური სახარების ვერსიის მიხედვით, ყრმობისა და ჭაბუკობის წლები (12-დან 30 წლამდე) იესო ქრისტეს სამშობლოს გარეთ აღმოსავლეთში გაუტარებია.  ეს ის წლებია, რომელსაც „იესოს დაკარგულ წლებს“ უწოდებენ, რადგან იუდაისტური ტრადიცია ამ წლების შესახებ დუმს.

თვითონ „ტიბეტურ სახარებაში“ აღწერილია, თუ როდის წავიდა „ისსა“ სამოგზაუროდ, საით გაემართა და შემდგომ რომელი ადგილები გამოიარა, სანამ კვლავ ისრაელში არ დაბრუნდებოდა:

***

როცა ისსას 13 წელი შეუსრულდა, _ ამ ასაკში კი ისრაელში ყველამ უნდა აირჩიოს ცოლი, [თავი IV: 10]

მისი მშობლების სახლში, რომლებიც მოკრძალებული შრომით ცხოვრობდნენ, სიარული დაიწყეს მდიდრებმა და დიდგვაროვნებმა, რომელთაც სურდათ იძედ ჰყოლოდათ ახალგაზრდა ისსა, განთქმული თავისი ქადაგებებით ზენაარის სადიდებლად. [თავი IV: 11]

მაგრამ ისსამ საიდუმლოდ დატოვა მშობლების სახლი, წავიდა იერუსალიმიდან და ვაჭრებთან ერთად ინდისკენ გაემართა.[თავი IV: 12]

რათა სრულყოფილად დაუფლებოდაღვთისმეტყველბას და შეესწავლა კანონები ბუდასი. [თავი IV: 13]

***

ხმა საოცარ ყრმაზე გავრცელდა ჩრდილოეთ ინდის სიღრმეში. როცა პენჯაბისა და რაჯპუტანის ქვეყანაში მოგზაურობდა, ღვთაება ჯაინის თაყვანისმცემლები სთხოვდნენ მას მათთან დასახლებულიყო. [თავი V: 2]

3849742566_a41184ecfb_z

მაგრამ მან დატოვა ჯაინის გზასაცდენილი თაყვანისმცემლები და შეჩერდა ჯაგერნატში, ორსის ქვეყანაში, სადაც განისვენებს ვიაშაკ-რიშნას ნეშტი და აქ ბრაჰმის თეთრმა ქურუმებმა მას გულითადი მიღება მოუწყვეს. [თავი V: 3]

მან ექვსი წელი გაატარა ჯაგერნატში, რაჯაგრიჰში, ბენარესში და სხვა წმინდა ქალაქებში. ის ყველას უყვარდა, რადგან ისსა მშვიდობიანად ცხოვრობდა ვაიშიებთან1 და შუდრებთან2, რომლებსაც საღვრთო წერილს შეასწავლიდა.[თავი V: 5]მათ შეასწავლეს ვედების კითხვა და გაგება, ლოცვებით განკურნება, ხალხისთვის საღმრთო წერილის სწავლება და განმარტება, ადამიანის სხეულიდან ბოროტი სულის გამოდევნა და მისთვის ადამიანის სახის დაბრუნება.[თავი V: 4]

მაგრამ ბრაჰმანებმა და კაშატრიებმა დაუწყეს ლაპარაკი, რომ დიდმა პარაბრაჰმამ აუკრძალა მათ მიახლოვებოდნენ ყოველივეს, რაც კი შექმნილია მისი მუცლიდან და ფეხთაგან. [თავი V: 6]

რომ ვაიშიებს ნება ეძლევათ მხოლოდ მოუსმინონ ვედებს და ისიც უქმ დღეებში. [თავი V: 7]

შუდრებს კი ეკრძალებოდათ არა მარტო დასწრებოდნენ ვედების კითხვას, არამედ ვედების შეხედვაც კი. ისინი მთელი თავისი სიცოცხლე ბრაჰმანების, კაშატრიების და ვაიშიების მონები უნდა ყოფილიყვნენ. [თავი V: 8]

მაგრამ ისსა არ უსმენდა მათ და ძველებურად მიდიოდა შუდრებთან ბრაჰმანების და კაშტრიების წინააღმდეგ საქადაგებლად. [თავი V: 10]

ისსა უარყოფდა ვედებისა და პურანების ღვთიურ წარმოშობას, თავის მიმდევრებს ასწავლიდა, რომ კანონი მიეცა ადამიანს იმისათვის, რომ მის მოქმედებას უხელმძღვანელოს. [თავი V: 12]

***

როცა ქურუმებმა და მეომრებმა გაიგეს, თუ რას უქადაგებდა ისსა შუდრებს, მათ მისი მოკვლა გადაწყვიტეს და თავიანთი მსახურები გააგზავნეს, რათა ახალგაზრდა წინასწარმეტყველი მოეძებნათ. [თავი VI: 1]

მაგრამ შუდრებმა გააფრთხილეს ისსა, რომ საფრთხე ემუქრებოდა და მან დატოვა ჯაგერნატის მიდამოები, მიაღწია მთას და დასახლდა გაუტამიდების ქვეყანაში, სადაც დაიბადა დიდი ბუდა შაკია-მუნი, იმ ხალხს შორის, რომელიც თაყვანს სცემდა ერთიან და დიდებულ ბრაჰმას. [თავი VI: 2]

წმინდა ისსამ იქ სრულყოფილად შეისწავლა პალის ენა და შუტრების წმინდა გრაგნილების შესწავლას შეუდგა. [თავი VI: 3]

ექვსი წლის შემდეგ… შეეძლო სრულყოფილად აეხსნა წმინდა გრაგნილები. [თავი VI: 4]

მაშინ მან დატოვა ნეპალი და ჰიმალაის მთები, დაეშვა რაჯპუტანის დაბლობში და გაემართა დასავლეთისკენ, უქადაგებდა რა გზადაგზა სხვადასხვა ხალხებს ადამიანის უმაღლესი სრულყოფის შესახებ. [თავი VI: 5]

***

მეზობელ ქვეყნებში გავარდა ხმები ისსას ქადაგების შესახებ, და როცა ის ჩავიდა სპარსეთში, ქურუმთ შეეშინდათ და აუკრძალეს მოსახლეობას მისი მოსმენა. [თავი VIII: 1]

***

ისსა 29 წლის გახდა, როცა ისრაელის ქვეყანაში ჩავიდა.  [თავი IX: 1]

issamap

„ტიბეტური სახარებიდან“ აღნიშნული ნაწყვეტებით ვიგებთ, რომ იესოს (ანუ ტიბეტური ტრადიციით, “ისსას”) ერთ-ერთი სავარაუდო მარშრუტი სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო; ასევე ცნობილი ხდება იმის შესახებაც, თუ რას ქადაგებდა ის აღმოსავლეთში მოგზაურობისას, შეგვიძლია აგრეთვე თვალი გავადევნოთ “ტიბეტურ სახარებაზე” დაყრდნობით იმას, თუ როგორ იცვლებოდა მისი მსოფლმხედველობა აღმოსავლურ თეოლოგიურ-ფილოსოფიურ მოძღვრებათა გაცნობისა და შესწავლის შედეგად. არის ისეთი ცნობები, რომლის მიხედვით, ისსას ქადაგებანი 14 წლის ასაკიდან დაუწყია ისე, რომ ინდოეთში ჩასვლისთანავე, “ხმა საოცარ ყრმაზე გავრცელდა ჩრდილოეთ ინდის სიღრმეში” [თავი V: 2] . აღვნიშნავ იმასაც, თუ რას უარყოფდა ისსა, აღმოსავლეთში ყოფნის დროს თავის ქადაგებებში, კერძოდ:

  • “ტიბეტური სახარების” მიხედვით, ვაიშიებსა და შუდრებს ის უქადაგებდა:

“თაყვანი არ სცეთ კერპებს, რამეთუ ისინი თქვენ არ შეგისმენენ, ნუ მიენდობით ვედებს, რომლებშიც დამახინჯებულია ჭეშმარიტება, ნუ ჩათვლით თქვენს თავს ყოველთვის პირველებად და ნუ დაამცირებთ თქვენს მოყვასს”. [თავი V: 26]

  • წარმართულ ქვეყნებში ყოფნისა, რომელიც გზად გაიარა, ის ქადაგებდა:

“არა მარტო ადამიანები არ შეწიროთ მსხვერპლად, _ ეუბნებოდა ის მათ, _ არამედ არ დაკლათ არც ერთი ცხოველი, რომელსაც მინიჭებული აქვს სიცოცხლე, რამეთუ ყველაფერი შექმნილია ადამიანის სასარგებლოდ”.  [თავი VII: 14]

როგორც ბუდისტური მონასტრის მსახურმა უთხრა ნ. ნოტოვიჩს, გადმოცემა ისსაზე ჩაწერილი ყოფილა ჩვ. წ.-ით I საუკუნის შუა წლებში. ხოლო რაც შეეხება ტექსტის სანდოობას, ჩანაწერი გაკეთებულა ისსას უშუალო მნახველთა მოგონებების მიხედვით და აგრეთვე, იმ ვაჭართა ნაამბობიდანაც, რომლებსაც სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ იერუსალიმთან. ამგვარი ჩანაწერების გაკეთებას კი ბუდისტურ ტაძრებში, ტრადიციისამებრ, ხშირად მიმართავდნენ. მართალია, ასეთი წყარო, ორიგინალს და ავტობიოგრაფიულ ჩანაწერს არ წარმოადგენს, თუმცა მის სანდოობას მაინც განაპირობებს ის, რომ ხელნაწერში დაცული მონაცემები უშუალო მნახველთა მონათხრობის მიხედვითაა შევსებული.

ტიბეტური სახარება რამდენჯერმე ითარგმნა; ორიგინალის ენაა პალი. ხოლო პირველად ფრანგულ ენაზე შესრულებული თარგმანი გამოიცა (1894 წ.), ფრანგულიდან ითარგმნა ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ, იტალიურ, რუსულ ენებზე. არის ქართული თარგმანიც3 (1991 წ.)

1 თავისუფალი მეთემეები ძველ ინდოეთში

2 უმიწაწყლო მოჯამაგირეები ძველ ინდოეთში

3 ტიბეტური სახარება, ქუთაისი,1991 .

 

(Visited 1,758 times, 1 visits today)